ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პრესა ავრცელებს.
„2026 წლის 27 აპრილს, რაიონულმა პროკურორმა დაიწყო გამოძიება საქმეზე, რომელიც 38 წლის საქართველოს მოქალაქის, გიორგი ტ.-ს, ცემას ეხებოდა.
ინციდენტი 2026 წლის 24-25 აპრილის ღამეს, გოჟოვ-ვიელკოპოლსკიში მოხდა. სამი მეგობარი ერთობოდა, სეირნობდა და ალკოჰოლს სვამდა. „არსაითკენ მიმავალ კიბესთან“ ორი მათგანი გამვლელ საქართველოს მოქალაქე გიორგი ტ.-ს თავს დაესხა. მათ მას მთელ სხეულზე, მათ შორის თავის არეში ურტყეს მუშტები და ფეხები, რამაც საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია.
საჭირო პროცედურული ლონისძიებების ჩატარების შემდეგ, მათ შორის დანაშაულის ადგილის დათვალიერების, მოწმეების დაკითხვისა და მსხვერპლის გვამის გაკვეთის ჩატარების ჩათვლით, პროკურორმა 25 წლის გრაციან ფ.-ს და 23 წლის მარტინ კ.-ს ბრალი წაუყენა გიორგი ტ.-ს სასიკვდილო ცემაში, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულია.
ეჭვმიტანილების სახით დაკითხულმა გრაციან ფ.-მ და მარტინ კ.-მ თავი უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა აღიარეს ინციდენტში მონაწილეობა და ახსნა-განმარტებები მისცეს.
მიმდინარე გამოძიების ინტერესების სათანადო დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, პროკურორმა ორივე ეჭვმიტანილის დაკავების შუამდგომლობა შეიტანა. შუამდგომლობაში მან მიუთითა საშიშროება მათი გაქცევის ან მიმალვის შესახებ, რადგან მათ არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მუდმივი სამსახური და არაჯანსაღი ცხოვრების წესი აქვთ, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების რისკის შესახებ.
2026 წლის 28 აპრილს გოჟოვ-ვიელკოპოლსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ეჭვმიტანილებს სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება გრძელდება საქმის გარემოებების სრულად გასარკვევად, მათ შორის, მსხვერპლის გარდაცვალების უშუალო მიზეზისა და დამნაშავეების მოტივების დასადგენად.
მკვლელობით დამთავრებულ ჩხუბში ან თავდასხმაში მონაწილეობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან თხუთმეტ წლამდე ვადით“, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




