გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქუჩაში დიდი ხნის უნახავ ნაცნობს შეხვედრიხართ, რამდენიმე საათში კი ფეისბუქს მასთან დამეგობრება შემოუთავაზებია? არც საერთო მეგობარი გყავთ, არც სამსახური გაკავშირებთ, არც ინტერესები, და მაინც, ის თქვენი შესაძლო ნაცნობების სიაში აღმოჩნდა. თუ ასეთი შემთხვევა გქონიათ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. შეკითხვები People you may know-სთან დაკავშირებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთ ადამიანს უჩნდება. ფორუმებზე, ვებგვერდებზე და თავად ფეისბუქზე მომხმარებლები ცდილობენ გაარკვიონ, რა პრინციპით სთავაზობს მათ შესაძლო ნაცნობებს სოციალური ქსელი. და, რაც მთავარია, ხომ არ იყენებს ამ პროცესში ისეთ მონაცემებს, რაზეც მომხმარებელთან არ შეთანხმებულა.

ფეისბუქის ოფიციალური ვერსია

Facebook ამბობს, რომ შესაძლო ნაცნობების მეგობრებში დამატებას რამდენიმე ინფორმაციის საფუძველზე გვთავაზობს:

  • საერთო მეგობრები
  • Facebook-ის რომელიმე საერთო ჯგუფში ყოფნა ან ერთ ფოტოზე დათაგვა.
  • კავშირები ( საერთო სკოლა, სამუშაო ადგილი და სხვა)
  • კონტაქტები (თქვენი მობილურიდან, ელექტრონული ფოსტიდან ან სხვა ანგარიშებიდან)

რა ხდება მაშინ, თუ დასამეგობრებლად შემოთავაზებულ პირთან არაფერი გვაკავშირებს? ფეისბუქი ამბობს, რომ ზოგიერთ მომხმარებელთან, რომელსაც მეგობრების სია გასაჯაროვებული არ აქვს, შესაძლოა საერთო მეგობრები გვყავდეს და ამას ვერ ვხედავდეთ.

„ჩვენ მუდმივად ვაახლებთ იმ ადამიანების სიას, ვისაც თქვენ შეიძლება იცნობდეთ, რათა მოგაწოდოთ უკეთესი შემოთავაზებები. შესაძლებელია ისიც, რომ შეცდომით შემოგთავაზოთ ისეთი ადამიანები რომლებსაც არ იცნობთ, ან არ გინდათ მათი მეგობრებში დამატება“ - Facebook.

არასასურველი შემოთავაზებების თავიდან ასაცილებლად სოციალური ქსელი წაშლის (remove) ღილაკს გვთავაზობს. თუ არ გვსურს, რომ თავად აღმოვჩნდეთ შესაძლო ნაცნობების სიაში, შეგვიძლია დავბლოკოთ კონკრეტული მომხმარებლები.

მომხმარებლის ვერსია #1 - ლოკაცია 


მომხმარებლების ნაწილს ფეისბუქის ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. ისინი ვარაუდობენ, რომ სოციალური ქსელი შესაძლო ნაცნობების შესათავაზებლად სმარტფონის ლოკაციას იყენებს. ჟურნალისტებმა ამის დადასტურება ნაწილობრივ შეძლეს კიდეც.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ინტერნეტ გამოცემა Fusion-ს მოქალაქემ მიმართა. ის სუიციდისკენ მიდრეკილი მოზარდების მშობლების ანონიმურ შეხვედრას ესწრებოდა და ფეისბუქისგან ამავე შეხვედრის მონაწილესთან დამეგობრების შეთავაზება მიიღო. მათ არაფერი ჰქონდათ საერთო, გარდა იმისა, რომ ერთ დროს, ერთსა და იმავე შეხვედრაზე იყვნენ.

Fusion-ის ჟურნალისტმა, ქაშმირ ჰილმა გადაამოწმა, ჩართული ჰქონდა თუ არა მის რესპონდენტს ლოკაციაზე წვდომის ფუნქცია და დადებითი პასუხის შემდეგ შეკითხვით ფეისბუქს მიმართა.

„სერიოზული ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემს თვალწინ მოხდა კონფიდენციალურობის დარღვევის კატასტროფული ფაქტი“ - წერდა ჟურნალისტი.

Facebook-ისგან Fusion-მა მოულოდნელი პასუხი მიიღო. კომპანიის პრესსპიკერმა გამოცემას პრაქტიკულად დაუდასტურა, რომ სოციალური ქსელი შესაძლო ნაცნობების შესათავაზებლად ლოკაციასაც იყენებს.

"თავისთავად ინფორმაცია ლოკაციის შესახებ არ ნიშნავს, რომ ორი ადამიანი მეგობრობს. ამიტომ ლოკაცია მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია, რომელსაც შესაძლო ნაცნობების შესათავაზებლად ვიყენებთ“ ფეისბუქის პრესსპიკერი 

ამ განცხადებამ უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. მომხმარებლები საუბრობდნენ კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხეებზე. გამოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებსაც ფეისბუქმა დასამეგობრებლად მათი ანონიმური წყაროები შესთავაზა, პაციენტები, რომლებიც ერთსა და იმავე ფსიქოლოგთან დადიოდნენ, ალკოჰოლის მომხმარებელთა ანონიმური ჯგუფების წევრები და სხვა.

სტატიის გამოქვეყნებიდან ორ დღეში ფეისბუქმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ არ იყენებს მოწყობილობების ლოკაციას შესაძლო ნაცნობების შესათავაზებლად.

ფეისბუქს დაუჯერებთ, თუ Fusion-ს, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა რაც ნამდვილად შეგიძლიათ ის არის, რომ სოციალურ ქსელს თქვენს ლოკაციაზე წვდომა შეუზღუდოთ. თუ iOS სისტემას იყენებთ, უნდა შეხვიდეთ თქვენი სმარტფონის setting-ებში, შემდეგ Privacy-ში, აირჩიოთ ლოკაცია და გადაამოწმოთ, რა მოცულობით მიეცით ფეისბუქს თქვენი ადგილმდებარეობის გამოყენების უფლება. 

ინსტრუქცია iOs-ის მომხმარებლებისთვის

  

მომხმარებლის ვერსია №2 - პროფილის დათვალიერება

„ამ დილით, Facebook-ის ნაცნობების სიაში ყოფილი შეყვარებული გამოჩნდა. მე არ მაქვს მისი საკონტაქტო ინფორმაცია ჩემს ტელეფონში და არ მყავს საერთო მეგობრები. არაფერი გვაქვს საერთო ელფოსტაზე ან სხვა სოციალურ ქსელებში. შესაძლებელია ფეისბუქი გვთავაზობდეს იმ ადამიანების დამეგობრებას, ვინც ინტენსიურად ათვალიერებს ჩვენს გვერდს?“ 


ეს შეკითხვა ფორბსის ერთ-ერთმა ბლოგერმა დასვა და, როგორც ირკვევა, მისი ვერსია ბევრს სარწმუნოდ ეჩვენება.

„ 5 დღის წინ ჩემს ძალიან ძველ მეგობარს შევხვდი, რომელთან ერთადაც მათემატიკის წრეზე დავდიოდი და რომელიც 4-5 წელია არ მინახავს. 3 დღის წინ ის ჩემი შესძლო ნაცნობების სიაში გამოჩნდა. ვკითხე, ხომ არ მოვუძებნივარ ფეისბუქით და დადებითი პასუხი მივიღე“ - წერს ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ფეისბუქს არაერთხელ აქვს გაცხადებული იმის შესახებ, რომ არ აძლევს მომხმარებლებს მათი პროფილის ვიზიტორების ვინაობის დადგენის საშუალებას. თუ ვერსია რეალურია, ეს, გარკვეულწილად, პირობის დარღვევა გამოდის. თუმცა ჯერჯერობით ამის დადასტურება მედიამ ვერ მოახერხა.

მომხმარებლის ვერსია №3 - ჭკვიანური ალგორითმი

სპეციალისტების ნაწილის აზრით, ფეისბუქი იმდენად კარგად გვიცნობს, რომ ნაცნობების შესათავაზებლად ლოკაციისა და პროფილის ვიზიტორების გამოყენება არ სჭირდება. მისთვის ხელმისაწვდომია ჩვენი მეგობრების და მათი მეგობრების ვინაობა, ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის და ტელეფონის კონტაქტების, სანაცნობო წრეების და ინტერესების, ფოტოების და მათზე მონიშნული ადამიანების შესახებ. მკვლევარები ამბობენ, რომ დანარჩენი უკვე სწორი ანალიზის საკითხია.


„შესაძლო ნაცნობები“ ჯადოქრობა არ არის, ეს მათემატიკაა“ - Washington Post

თუ გსურთ, თავად გადაამოწმოთ, იმოქმედა თუ არა თქვენზე „ჯადოქრობამ“ შეამოწმეთ ნიუსფიდი. თუ ამ მომენტისთვის შესაძლო ნაცნობების ჩამონათვალი სიახლეებში არ ჩანს, გახსენით მეგობრების სია და შედით მეგობრების მოძებნის (Find Friends) განყოფილებაში. 

ამ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთა აპარატი ავრცელებს.