პატრულის თანამშრომლებმა და "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა დღეს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე ცეცხლმოკიდებული მანქანის მძღოლი გადაარჩინეს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. რამდენიმე წუთში ადგილზე 4 საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა. პოლიციამ სახანძრო სამსახური გამოიძახა, თუმცა მანქანის აფეთქების საშიშროების გამო, ცეცხლის ჩაქრობის გადაწყვეტილება მიიღეს.
"პატრულის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს თბილსერვის ჯგუფის გზის დასუფთავების მანქანა შენიშნეს და მათთან ერთად ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს. პატრულის თანამშრომლებმა მძღოლის უსაფრთხოებისთვის ცეცხლმოკიდებული მანქანის ფანჯრები გატეხეს. საბოლოოდ, ახალგაზრდა მძღოლმა სხეულის დამწვრობა მიიღო. პირველები, ვინც დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ, ნათია თანიაშვილი, გოგი გურჯიძე, ნიკოლოზ აბულაძე და ოცმეთაური დიმიტრი არშინაშვილი არიან",-აცხადებენ შსს-ში.
არსებული ინფორმაციით, თბილსერვის ჯგუფის მხრიდან ცეცხლის ჩაქრობაში იოსებ მამადაშვილი, ბესარიონ ალუღიშვილი და ზურაბ ფალავანდიშვილი მონაწილეობდნენ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.