საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანი" თბილისის საკრებულოსთან ერთად კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ერთდღიან პროგრამას გეგმავს.

ღონისძიებაზე, რომელიც 15:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება, დაგეგმილია საჩუქრების გადაცემა, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი პროგრამების ორგანიზება, ასევე საუბრები მოძღვრებთან და ფსიქოლოგებთან.

კრწანისის ტყე-პარკში 19:00 საათზე მიბრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. გადაიხდის პარაკლისს და ბავშვებს დალოცავს.

პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგებისას მრევლს ღონისძიებაზე მისვლისკენ მოუწოდა.

"დღეს ჩვენ შევხდებით კრწანისის ტყე-პარკში. მობრძანდით და გავახაროთ ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები და თანამემამულენი", - აღნიშნა უწმინდესმა.