დაპაუზდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევითი პროექტები და CDC-ის დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა , - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძემ უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

აშშ-ს CDC-ის კვლევითი პროექტები დაპაუზდა და CDC-ს დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა. სხვა სააგენტოების და კერძო ფონდების პროექტები ჩვეულებრივად გრძელდება. ლუგარის ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს. მისივე განმარტებით, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია. მისივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.