ქართველი, გერმანელი, იტალიელი, ესპანელი, ბრიტანელი მეცნიერები მონაწილეობენ I საერთაშორისო კონფერენციაში „ორი  იბერია - ევროპის  ორი კარიბჭე,“ რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. 

ღონისძიების მიზანია კავკასიური იბერიისა და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლა, მათი რეცეფცია და ამ ორ კულტურათა შორის პარალელებისა და სავარაუდო კონტაქტების კვლევა.  კონფერენცია 3 უნივერსიტეტის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა რწმუნებული მარკოს გრანადოს გომესი, კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„კონფერენციის კონცეფცია, რომელიც ემყარება კავკასიური იბერიისა და იბერიის ნახევარკუნძულის უძველესი კულტურების შესწავლას, ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყნებსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“,-აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა. მისი თქმით, კონფერენციის მუშაობაში ქართველ და ესპანელ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებენ მომხსენებლები გერმანიიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა რწმუნებულმა მარკოს გრანადოს გომესმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორ უნივერსიტეტებს. „ტერიტორიული სიშორის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს კულტურული სიახლოვე. ეს ჰარმონიული ურთიერთობა სხვადასხვა მოვლენაში იგრძნობა, მათ შორის  ყოველდღიურ ცხოვრებაში. მჯერა, რომ აქ წარმოდგენილი დასკვნები შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი დავამყაროთ ჩვენს ორ იბერიულ რეალობას შორის“,- განაცხადა მარკოს გრანადოს გომესმა.

  სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების იმუშავებს სექცია იმუშავებს, დაგეგმილია ქართული და ესპანური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტი, ქართული და ესპანური ღვინოების დეგუსტაცია და მთარგმნელთა მრგვალი მაგიდა.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში (მადრიდი), ესპანეთის დიპლომატიური ოფისი საქართველოში (თბილისი), ბოსფორო. გვიანანატიკურობისა და ბიზანტიის კვლევის ჯგუფი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი; ირანოლოგიის ესპანური საზოგადოება; სერვანტესის ინსტიტუტი სტამბოლში; ესპანეთის ანტიკური კვლევების საზოგადოება (მადრიდის განყოფილება); ბიზანტინისტიკის ესპანური საზოგადოება; თსუ ბასკოლოგიის ცენტრი.