კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა. პროგრამაში იყო ჯუზეპე ვერდის რეკვიემი.
კონცერტში მონაწილეობდნენ სოლისტები იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია და რამაზ ჩიკვილაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
„დღევანდელი საღამო ემოციებით იყო სავსე. წარმატებას ვულოცავ ყველა მონაწილეს, ოპერისა და ბალეტის თეატრს. ღირსეულად წარადგინეს პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება”, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს, საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფესტივალის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო -1700“ ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება. მათში ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, სოლისტები, ანსამბლები, საგუნდო კოლექტივები და ორკესტრები მონაწილეობენ.
პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელები სვიმონ ჯანგულაშვილი და ზვიად ბოლქვაძე არიან.












