თბილისელმა მხატვარმა ნუგზარ ნოვიკოფფმა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ანტიბში არტ რეზიდენციაში იყო მიწვეული, პროექტზე მუშაობა დაასრულა.
როგორც „აიპრესსთან“ ნუგზარ ნოვიკოფფი აცხადებს, საფრანგეთში მის მიერ შესრულებული ნახატების პრეზენტაცია 28 ივლისს ჩატარდა. „3 ივლისს ქალაქ ანტიბში, მერიის მომზადებულ არტ რეზიდენციაში დავსახლდი. დავიწყე ნახატების მომზადება.  პრეზენტაცია 28 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ქალაქის კულტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუშაობა დავიწყე ნახატიდან „ფიროსმანის რანდევუ“. ნახატის იდეაში წარმოდგენილია პაბლო პიკასოსა და ნიკო ფიროსმანის შეხვედრა, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო თუ ფიროსმანის ცხოვრება სხვანაირად შედგებოდა... ნახატის სიუჟეტი გვიჩვენებს ადგილს, სადაც პიკასომ შეასრულა მისი ყველაზე საუკეთესო ნახატები, სტუმრებს მასპინძლობდა და სიამოვნებდა ფრანგული რივიერას ატმოსფერო. ჩემ ნახატზე პიკასო და ფიროსმანი წარმოდგენილია გრიმალდის სასახლის კედელზე, სადაც პიკასოს სამხატვრო სტუდია იყო - ამჟამად კი პიკასოს მუზეუმია. ფიროსმანი აჩვენებს თავის ნახატს ფრანგ მოცეკვავეს, მარგარიტას, სკულპტორი გერმეინ რიშიეს სკულპტურის ფონზე, რომელიც ქალაქ ანტიბში მუშაობდა. ნახატზე პიკასო ტრადიციულად ეწევა პაპიროსს და შემფასებელი მზერით ათვალიერებს ნიკოს ნახატს. მის თვალებში შეგვიძლია წავიკითხოთ აღფრთოვანება, მეგობრული ღიმილი გამოცდილი ლოველასის, რომელიც მზადაა რჩევა მისცეს თავის კოლეგას და მეგობარს. ფიროსმანი გამოიყურება სევდიანი, ისევ უპასუხოდ შეყვარებულია მარგარიტაზე. ნახატის დათვალიერებისას ჩნდება კითხვა, როგორი იქნებოდა ფიროსმანის ბედი, ეს შეხვედრა რომ შემდგარიყო? რეალურ ცხოვრებაში ვერ მოხერხდა ამ ორი გრანდიოზული მხატვრის შეხვედრა, რაც მე მოვახერხე ჩემს ტილოზე. მომდენო სიტუაციის განვითარებაზე შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ამ ნახატის გარდა შევქმენი კიდევ ორი ნახატი. შევასრულე ქალაქ ანტიბის სიუჟეტზე, რომელიც შევიდა ქალაქის კოლექციაში. ხოლო, ნახატი "ფიროსმანის რანდევუ" გაიგზავნება საქართველოში, ნიკო ფიროსმანის სამშობლოში“ - განაცხადა თბილისელმა მხატვარმა ნუგზარ ნოვიკოფმმა.   შეგახსენებთ, „აიპრესმა“ 2022 წლის 3 ივლისს გამოაქვეყნა მასალა -  თბილისელი მხატვარი საფრანგეთის ქალაქ ანტიბში არტ რეზიდენციაში მიიწვიეს. სადაც 3 ნამუშევარი უნდა შეესრულებინა, აქედან ერთი კი ქალაქის კოლექციას დარჩებოდა.