ნოდარ მელაძე: პროკურატურამ მედიის დაშინება სცადა, შესაძლოა შოთაძემ ტელევიზია გათიშოს

1615294693
პროკურატურამ მედიის დაშინება სცადა, შესაძლოა შოთაძემ ტელევიზია გათიშოს, - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ამავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა და გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" წამყვანმა ნოდარ მელაძემ განაცხადა.
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ჟურნალისტურ გამოძიებას. ამ აუდიო ჩანაწერებით იკვეთება პირთა უფრო ფართო წრე, რომლებიც წარმოადგენდნენ სადამსჯელო რაზმებს, ვიდრე ეს ჩვენ ვიხილეთ და ჩანაწერები იძლევა ამ პირთა იდენტიფიცირების საშუალებას.
მე მათ ადგილას არ ვიჩქარებდი კომენტარებს, იმიტომ რომ ყველაფერი წინ არის. 4 დღე დასჭირდათ იმისთვის, რომ შეექმნათ ფსევდო სცენარი. გვინახავს ჩვენ ფარულ ჩანაწერებზე აღძრული საქმეები. ამ შემთხვევაში პროკურატურამ რა განცხადება გააკეთა? - მედიის დაშინება სცადა. იმიტომ, რომ 158-ე მუხლის მეორე ნაწილის განმარტებაში ჩვენ ვკითხულობთ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, თუ ეს ეხება კომერციულ სუბიექტს", მაგალითად ვიგულისხმოთ "ტვ პირველი". "ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით". ანუ შოთაძე შეიძლება წავიდეს იმაზე, რომ ტელევიზია გათიშოს", - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.