დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. იყო მოლოდინი, რომ პროცესს მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოვიდოდა. მაგრამ, ექიმების გადაწყვეტილებით ექსპრეზიდენტი კლინიკა "ვივა მედიდან" არ მოიყვანეს.
როგორც კლინიკის დირექტორმა განაცხადა, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული.
"არც მანამდე და არც ერთხელ ჩვენ მიგვიცია ეტაპირებაზე თანხმობა. პარასკევს ნევროლოგის კონსულტაცია ჩატარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აღნიშნა. შესაბამისი კვლევები დაინიშნა. დღეს და ხვალ ამ კვლევებს ჩავატარებთ. განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. რაც შეეხება გადაყვანას, ჩვენ არცერთ შემთხვევაში და არცერთ ეტაპზე სასამართლოში წაყვანისა და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია.
პაციენტის პოზიცია ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მისი სუბიექტური აზრია. შესაბამისად, ის თავის სიტყვებზეა პასუხისმგებელი, ხოლო სამედიცინო კუთხით, ჩვენ პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხს ვაგებთ. პაციენტი მკურნალობს კლინიკაში, თავისთავად ეს მომენტი, რომ პაციენტი კლინიკაში იმყოფება, გასვლის პროცესს გამორიცხავს. ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო" - განაცხადა ნინო ნადირაძე.




