მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა პროცესზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

პროკურორის თქმით, საქმეში დევს მტკიცებულებები, მათ შორის გარდაცვლილის ჩაფხუტზე დამაგრებული ვიდეოკამერის ჩანაწერი.

19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.