ორგანიზაცია „მოქალაქე“ 2015-2016 სასწავლო წელსაც ატარებს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის. ოლიმპიადის ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსისათვის რეგისტრაცია 26 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით იწარმოებს ვებგვერდზე: online.naec.ge რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა უნდა მიმართონ საკუთარი სკოლის ადმინისტრაციას.
"სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სამ ტურად. პირველი ტური ტარდება კომპიუტერულად საქართველოს ყველა რაიონისა და თბილისის სკოლებში", - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.