წელიწადის ამ დროს სიყვარულის ქალაქი ხელოვნების ქალაქი ხდება და რამდენიმე დღით არტისტებსა და მათ შემოქმედებას მასპინძლობს. ფესტივალს წელს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და მასში უცხოური თეატრალური დასებიც მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში სულ 12 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალი ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახალხო თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. ერთმოქმედებიანი ლირიკული კომედია სახელწოდებით "უსახელო ვარსკვლავი" სიღნაღის თეატრში გათამაშდა.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარი მიზანი ქვეყანაში სახალხო თეატრების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაციაა. მაყურებელს საშუალება აქვს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების, სამოყვარულო და უცხოური დასების წარმოდგენებს დაესწროს.
სამი წლის განმავლობაში ფესტივალი გახდა პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს, სამოყვარულო დასებსა და თეატრის განვითარებას უჭერს მხარს.
ღონისძიება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 8 ივნისს საზეიმო დაჯილდოებით დაიხურება.