ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით, შშმ პირთა სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე  ჯგუფის სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები, სერვისის პროვაიდერები, დარგის ექსპერტები და შშმ ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ, რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

მინისტრმა, შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ის საკითხები განიხილა, რომლებიც რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას უკავშირდება.

შეხვედრაზე, მშობლებს ინფორმაცია მიაწოდეს, იმ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელზედაც სამინისტრო, ექსპერტებთან და პროვაიდერებთან ერთად, მუშაობს და რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში, დაიწყება პროცედურა და გარდამავალ პერიოდში, რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, ძველ მოდელს დაუბრუნდება. სამუშაო პროცესში კი მშობლები აქტიურად იქნებიან ჩართულები.  როგორც შეხვედრაზე, შშმ ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები  მათთვის მისაღები და ძალიან მნიშვნელოვანია.