ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტის დარგობრივ კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყება მზადაა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მოსაზრებები. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები და დისკუსია, შესაძლებლობას მისცემს სამინისტროს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შექმნას საკანონმდებლო ინიციატივები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები.
შეხვედრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს შორის, მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი ცაგარეიშვილი, ირინე წაქაძე, თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე. ასევე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე, კომიტეტის წევრები - ირმა ზავრადაშვილი და ანტონ ობოლაშვილი.