"ვევედროთ წმინდა ნინოს, რომ დაიფაროს საქართველო, გააძლიეროს რწმენა ადამიანთა გულებში, გააძლიეროს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში, რომ მიუხედავად მრავალგვარი ცდუნებისა, ცხოვრებისეული თუ საზოგადოებრივი რყევებისა, ეკლესიამ შეძლოს თავისი მსახურების გაგრძელება და ადამიანების ცათა სასუფევლისკენ მოწოდება," - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო, (მუჯირი) ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას სიონის საპატრიარქო ტაძარში განაცხადა.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.
როგორც იცით, წმინდა ნინოს ეწოდება მოციქულთასწორი, რადგან მისი ღვაწლი არ იყო ქრისტეს მოციქულთა ღვაწლზე ნაკლები. იგი მოვიდა საქართველოში, სადაც იმჟამად ცხოვრობდნენ წარმართები და ნაკლებად განათლებული, უხეში ადამიანები. აი, ასეთ სახიფათო გარემოში იგი უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას.
რას ნიშნავდა ეს? ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი მოითხოვდა ხალხისგან, უარი ეთქვათ თავიანთ ზნე-ჩვეულებებზე, დადგენილ წესებსა და ტრადიციებზე.
საოცარია, ვინ მოავლინა უფალმა ასეთ მძვინვარე ხალხთან ასეთი მკვეთრი ცვლილებების და სინანულის მოწოდებით! - 14-15 წლის გოგონა, ქალწული. რა იყო ქალის მოვლინების მიზეზი ჩვენს ქვეყანაში? ამაზე მსჯელობს შესანიშნავი ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე. ის ამ მოვლენის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ ამით უფრო გამოჩნდა ღმერთის ძალა, რათა არავინ არ გაკადნიერებულიყო და არ ეთქვა, რომ ადამიანური ძალით ან ფილოსოფიური სიბრძნით რომელიმე მამაკაცმა შეძლო ჩვენს ხალხში წარმართული სიბოროტის დამარცხება. ამიტომ უფალმა, როგორც წერს პატრიარქი ნიკოლოზი, ნარნარად მდინარე წყლის ნექტარით დააცხრო ცეცხლი და უძლური ბუნების დედაკაცის მიერ მოალბო სასტიკი ხალხის ქედფიცხელობა იმისთვის, რომ აქაც, საქართველოშიც, დადასტურებულიყო პავლე მოციქულისადმი იესო ქრისტეს ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტება: „ძალა ჩემი სრულ იქმნება უძლურებაში“ (2 კორ. 12.9). ეს ნიშნავს, რომ ჩემი ძალა უფრო სრულყოფილად ვლინდება უძლურებაში.
ჩვენ ვიცით, რამდენი საშიშროება და ხიფათი ახლდა მოციქულთა ქადაგებას და შეიძლება ითქვას, არანაკლები საშიშროება (თუ მეტი არა) ახლდა წმინდა ნინოს ქადაგებასაც. ჩვენ ვიცით, რაოდენ მადლიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი ღვაწლი და ქადაგება. როგორც ამბობს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც. აი, ამიტომ ვადიდებთ წმინდა ნინოს, ამიტომ ვინახავთ მის სახელს და მის ღვაწლს ასე სათუთად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნინოობის დღესასწაულს. ვევედროთ წმინდა ნინოს, რომ დაიფაროს საქართველო, გააძლიეროს რწმენა ადამიანთა გულებში, გააძლიეროს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში, რომ მიუხედავად მრავალგვარი ცდუნებისა, ცხოვრებისეული თუ საზოგადოებრივი რყევებისა, ეკლესიამ შეძლოს თავისი მსახურების გაგრძელება და ადამიანების ცათა სასუფევლისკენ მოწოდება. ამინ!" - განაცხადა მეუფე შიომ.