სიყვარული არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგების დროს განაცხადა. 

სიყვარული არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება... სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს. ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ - საზოგადოებრივსაც, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც მთავარი არის სიყვარული..."

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ წმინდა ნიკოლოზის ღვაწლზე და იმაზე, თუ რა გვიანდერძა მან ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მისი ცხოვრებიდან, მისდამი დაწერილი ლოცვებიდან, დაუჯდომლიდან ჩვენ ვიგებთ, რომ იგი ქადაგებდა სიმდაბლეს და თვითონაც უაღრესად მდაბალი ადამიანი იყო. აი, მის ტროპარში ასეთი სიტყვებია: „ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე“; წმინდა ნიკოლოზი ჩვენც მოგვიწოდებს სიმდაბლისკენ, რადგან წმინდა წერილი ასე გვმოძღვრავს: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ამ მადლში იგულისხმება სულიწმინდის ძალა და მადლი, საღვთო ენერგია, რომლის მოხვეჭაც არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი აზრი.

ამიტომ ჩვენ სიმდაბლის მცნებას უნდა ვასრულებდეთ ღვთისთვის, იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი ამოცანა, მაგრამ არ გვეგონოს, რომ თავისთავად სიმდაბლე არის მაცხონებელი; ეს საშუალებაა სულის ცხონებისთვის, იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად იყოს თავმდაბალი ან იმდაბლებდეს თავს სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ასეთ სიმდაბლეს არ ითხოვს ჩვენგან ღმერთი, არამედ ვინც თავს იმდაბლებს მართებულად, გონივრულად, ის ებრძვის თავის თავში ეგოიზმს, თავისმოყვარებას, პატივმოყვარებას იმისთვის, რომ მოიპოვოს მადლი, რომელზეც იყო საუბარი და ამით გახსნას თავის თავში საუკეთესო, რაც კი მოცემული აქვს ადამიანს და ყველაზე ძვირფასი, ეს არის სიყვარული, იმიტომ, რომ სიყვარული - ეს არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება. ზოგიერთი წმინდა მამა მას უწოდებს ასევე ღმერთის ანაბეჭდს ადამიანში.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ სიყვარულის ნიჭს ვამახინჯებთ, როდესაც მას მივმართავთ ჩვენი თავისკენ, როდესაც ვავლენთ ეგოიზმს, თავისმოყვარებას. ამ თავისმოყვარებაში ვგულისხმობ არა თავმოყვარებას ამ სიტყვის კარგი გაგებით, არამედ საკუთარი თავის მაამებლობას, რაც არის საშინელი ცოდვა, რომელიც ღმერთს გვაშორებს და რომელმაც ღმერთს დააშორა პირველი ადამიანი. ადამში გამოვლინდა ეს - თავის მოყვარება, ეგოიზმი; და მას შემდეგ ამასთან დაკავშირებულია ის მოვლენები, რომლებიც აღწერილია წმინდა წერილში, ბიბლიაში.

იმისთვის, რომ ჩვენს თავში აღვადგინოთ ეს დიდი სიწმინდე, ეს ღვთის ანაბეჭდი, აუცილებლად საჭიროა სიმდაბლე, რადგან, ვიმეორებ, მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის სულიწმინდის მადლი, რომელიც ხსნის ჩვენში ამ დიდ სიწმინდეს - სიყვარულს და გვაერთებს ღმერთთან. რა თქმა უნდა, სიყვარული არ არსებობს ერთგვაროვანი და ერთნაირი; ჩვენ, ყველას სხვადასხვაგვარად გვიყვარს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ჩვენი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს. სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს. ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ - საზოგადოებრივსაც, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც მთავარი არის სიყვარული, როგორც საფუძველი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნიკოლოზობის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

წმინდა ნიკოლოზის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო; წმინდა ნიკოლოზის შემწეობით სრულად გახსნილიყოს ჩვენში სიყვარულის ნიჭი, ღვთის სადიდებლად და ჩვენი სულების საცხონებლად, ამინ,"- განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქადაგების დროს.