საქართველოში ჟანა დარკობა არავის არ სჭირდება, თუ სადმე თავია შესაკლავი, ჩვენ შევაკლავთ, კაცები. ქალები, რითიც ლამაზი ხართ, თქვენი გონიერებით, თქვენი შვილების კარგად აღზრდით, ოჯახების, ტრადიციების შენახვით იყავით მასეთები - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ბოდბეში, წმინდა ნინოს დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ, ქადაგებაზე განაცხადა.
"ყოველთვის გამიხარდება რომ საქართველოში მივბაძოთ დედა ღვთისმშობელს, წმინდა ნინოს, თამარ მეფეს, წმინდა დედოფალ შუშანიკს, წმინდა დედოფალ ქეთევან წამებულს, რომელმაც ევროპაზე რამხელა გავლენა გაწია, რომ სარწმუნოება შერჩენოდა. ძალიან გთხოვთ ქალებს, მოიქცეთ ისე, როგორც ქალბატონებს შეგშვენით. არ გვინდა თავის გამოჩენა რაღაც სკანდალებით, რაღაც რაღაცებით იმიტომ რომ თქვენ ხართ ხატება და მსგავსება, თქვენში ხომ იგივე ახალი ევა ცოცხლობს ანუ იგივე დედა ღვთისმშობელი. ცუდი მაგალითები არ ავიღოთ, ჟანა დარკობა და ისინი არ ავიღოთ, საქართველოში ჟანა დარკობა არავის არ სჭირდება, თუ სადმე თავია შესაკლავი, ჩვენ შევაკლავთ, კაცები. ქალები, რითიც ლამაზი ხართ, თქვენი გონიერებით, თქვენი შვილების კარგად აღზრდით, ოჯახების, ტრადიციების შენახვით იყავით მასეთები. ვინც ადამიანივით არ იქცევა, იმასაც ვთხოვ, რომ შეხედოს რა უფრო მოსაწონია - სკანდალი თუ წესიერი ქმედებით.. ქალი განსაკუთრებულად ფასდებოდა საქართველოში. მითუმეტეს, ოჯახებში გაზრდილები ვართ, სირცხვილი არ არის, ქალის მოვლა უცხოელმა გვასწავლოს? ჩვენზე დიდი კულტურა რომელ ერს აქვს, მითხარით მაგ მიმართულებით. ყველა ქალბატონს ვთხოვ, პირველ რიგში დედებად იწოდებით და უცხოსაც უხაროდეს თქვენი ნახვა და დანახვა. ზოგი ისე იქცევა, ადამიანს არ ჰგავს, ადამიანის ფორმაში გამოწყობილს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს" - განაცხადა მეუფე იაკობმა.