აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აივისა და ტუბერკულოზის პასუხის ადგილობრივ დაფინანსებაზე წარმატებით გადასვლის შესახებ მაღალი დონის რეგიონული დიალოგი „გზა წარმატებისკენ“ გაიმართა „სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში“. ღონისძიებას ესწრებოდა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი მედეა ხმელიძე, რომელმაც „აიპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ზიანის შემცირების მექანიზმები ცდება მხოლოდ სამედიცინო ასპექტებს და გადადის სოციალურ ასპექტებში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოში შიდსის გავრცელების პრევალენტობა (რაიმეს ფართოდ გავრცელება, სიჭარბე) დაბალია. მაგრამ ამავდრულად უნდა აღინიშნოს, რომ აივ ინფექცია კონცენტრირებულია მთელ რიგ ჯგუფებში. მათ შორის, ნარკომომხმარებლებში. ეს იმიტომ რომ სერვისებზე ხელმისაწვდომობა არ არის ფართო, როგორიც რეკომენდებულია, რომ იყოს. როგორი საუკეთესო პრაქტიკაც აქვს აღმოსავლეთ ევროპის და განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას. ამას საქართველოში ხელს უშლის თვითონ ნარკოპოლიტიკა. ის მკაცრია. ამის გამო ნარკომომხმარებლები გადადიან მიწისქვეშეთში და სერვისების არსებობის შემთხვევაშიც კი ექმნებათ გარკვეული ბარიერები ხელმისაწვდომობაზე. ჩვენი მთვარი რეკომენდაციაა, ზიანის შემცირების სერვისების შენარჩუნება. ხარისხის გაუმჯობესებაც და ფინანსების მდგრადობის უზრუნველყოფა. აუცილებელია ნარკოპოლიტიკის გადახედვა, რომ ამხელა შრომა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გასწიეს, არ დაიკარგოს და ადამიანებს გაუჩნდეთ ხელმისაწვდომობა სერვისებზე, რაც მათი ფუნდამენტური უფლებაა“, -აღნიშნა მედეა ხმელიძემ.
რეგიონულ დიალოგს ესწრებოდა 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინფექციური დაავადებების პასუხის და ფინანსების საკითხებს განიხილავდნენ. მაღალი დონის რეგიონული დიალოგი 3 დღეს გასტანს. ის 30 სექტემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ დასრულდება.