დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი მეჩეთი და სამედიცინო კლინიკა გაიხსნა.  რომელიც ადგილობრივი მუსლიმების შემოწირულობითა და ირანელი სასულიერო ლიდერის აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანის ფონდის დაფინანსებით აშენდა. 

მეჩეთისა და სამედიცინო კლინიკის გახსნაზე ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სალულიერო პირებისგან შემდგარი 14 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. 

დელეგაცია საქართველოში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით იმყოფება აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი, აიათოლა სისტანის წარმომადგენელი და ისლამურ სამყაროში ცნობილი რელიგიური ლიდერი. დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მისი თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა აიათოლა შაჰრისტანისთან. შეხვედრას საქართველოში ირანის საელჩოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორმხრივ შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ: სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა მიმართ და მუსლიმი თემის უფლებების მაქსიმალურ დაცულობას. აიათოლა შაჰრისტანიმ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო უნიკალური მაგალითია თავად მუსლიმ თემში, შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისითაც, მათ შორის სრული ურთიერთგაგებითა და თანამშრომლობით.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს ინტერრელიგიური საბჭოს საქმიანობა. აიათოლა შაჰრისტანის თქმით, სხვადასხვა რელიგიებს შორის ამგვარი ღია და პარიტეტულ საწყისებზე დაფუძნებული თანამშრომლობა სამაგალითოა და ბადებს იმედს, რომ საქართველო კვლავაც რელიგიური ტოლერანტობის მაღალი კულტურით გამორჩეულ ქვეყნად დარჩება.

ირანელი სასულიერო ლიდერის აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანის ფონდი მარნეულში ბაგა-ბაღის აშენებას გეგმავს.