პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ვლადიმერ აფხაზავას, სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ ვლადიმერ აფხაზავას და სოფელ ჩიბათის სკოლას ამ ისტორიულ აღიარებას და რა თქმა უნდა ვუსურვებთ გლობალური ჯილდოს საფინალო ეტაპის პირველობით დასრულებას! თავად ის ფაქტი, რომ ქართველი მასწავლებელი მსოფლიოში რჩეულ ათეულშია, უკვე უდიდესი გამარჯვებაა. ვლადიმერის წარმატება ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს ოკუპაციის პრობლემაზე ცნობადობის გაზრდის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება. რაც მთავარია, ვლადიმერის წარმატება თითოეული ჩვენი პედაგოგის ღვაწლისა და მასწავლებლის პროფესიის დაფასების მაგალითია. მადლობას ვუხდი საქართველოში მასწავლებლის ჯილდოს ინიციატორებს - კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“-ს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს, რომლებმაც ქართველი პედაგოგები გლობალური პროექტის ნაწილი გახადეს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.