დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლილო-ორხევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ხაბარელმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ესწრებოდნენ.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა მამუკა ხაბარელმა ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს ორ კომისიასა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.
საკრებულოს წევრის ანგარიშში საკმაოდ ვრცელი ადგილი ლილო-ორხევის მაჟორიტარულ ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო. აქ მამუკა ხაბარელმა მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენაზე, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე ამომწურავად ისაუბრა.
განსაკუთრებით აღინიშნა, რომ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობის ინდივიდუალური მიმართვების განხილვა, შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა და საკითხებზე რეაგირება სათანადო დონეზე არის აყვანილი.
ანგარიშის ცალკე თავი საკრებულოს წევრის ოფიციალურ და საზოგადოებრივ შეხვედრებს ეძღვნება, მასში დეტალურად არის მიმოხილული დედაქალაქის საკრებულოში გამართული სპორტული ღონისძიებები და დაჯილდოებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ურთიერთობა უცხოელ სტუმრებსა და დელეგაციებთან.
მამუკა ხაბარელმა ანგარიშის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას საცხოვრებელი, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და სამაჟორიტარო რაიონში კონკრეტულ მისამართებზე განხორციელებული გზის საფარის მოწყობა-რეაბილიტაციის, ლიფტების განახლების, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის მიმართულებით კონკრეტულ შესრულებულ პროექტებზეც ისაუბრა.
ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს დაეთმო.
მამუკა ხაბარელის ანგარიშის წარდგენას მოწვეული სტუმრები და ლილო-ორხევის რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა.








