ჩვენ ვართ სრულიად განუვითარებელი, ბნელი ქვეყნების გვერდზე მოაზრებული პუტინთან ერთად, ეს ჩვენ კრიმინალურ 90-იან წლებში დაბრუნებას გვიქადის -  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს ვხედავ ქაოსურ, სრულიად უგვანო, უმსგავსო მოღალატეობრივ ქმედებას, არ მოვერიდები ამ სიტყვებს და კიდევ გავაგრძელებდი... გუშინ თვალი მოვკარი რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც გაკვირვებული ამბობდა, რაშია საქმეო, დიდხანს მთხოვდნენ ფრენების აღდგენასო და ზუსტად იმ დროს ხდება ამ ფრენების  აღდგენა, როცა კრიტიკულ ეტაპს გავდიართ.

ჩვენ ვართ სრულიად განუვითარებელი, ბნელი ქვეყნების გვერდზე მოაზრებული პუტინთან ერთად, ეს ჩვენ გვიქადის მხოლოდ იმას, რომ დავბრუნდებით კრიმინალურ 90-იან წლებში. ის 90-იანი წლებიც რაღაც ეტაპი იყო აშკარად და ვიცოდით, რომ ეს ეტაპი უნდა გადაგველახა და იქ უკვე ვეღარ მივბრუნდებით იმიტომ, რომ უკრაინამ თავისი ღირსება ისეთ დონეზე დააყენა, რომ მთელი მსოფლიო გამოაფხიზლა, ჩვენ ამასობაში ზურგი ვაქციეთ. ეს იქნება კატასტროფა. 

ყველა ხელისუფალი ცდილობდა, თვით სააკაშვილიც, კარგად გვახსოვს რამდენად ცდილობდა დაეთბო რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ რუსეთმა  მთელი თავისი ჩვენთან ურთიერთობის მანძილზე, არა ერთხელ ჩაგვაგდო მძიმე მდგომარეობაში“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.