ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. საზოგადოების დიდი ნაწილი ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვის აღზრდა წარმოუდგენელია. ამაზე ჯერ კიდევ 2013 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს. სიტუაცია რომ მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა, ამ ფაქტს სოციალური მომსახურების სააგეტოს მიერ “აიპრესისთვის” მოწოდებული ციფრები ადასტურებს.
2015 წელს სოციალური მოსახურების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე 557 მიმართვა შევიდა, აქედან 361 დადასტურდა.
უფრო კონკრეტული მონაცემები კი ასე გამოიყურება: სექსუალური ძალადობა-28 შემთხვევაში (აქედან 11-ზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება); ფიზიკური ძალდობა-85; ფსიქოლოგიური -89; უგულებელყოფა-72; ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმაცია- 3; მიტოვება-15; ეკონომიკური ძალადობა-6 (იძულება , რომ იმუშაოს და ა.შ.); ბულინგი-1, ოჯახში ძალადობა-12.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი ამბობს, ძალადობის 93 შემთხვევაში ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა გახდა საჭირო.
“თუ ბავშვისათვის არაკეთილსაიმედო გარემოა ოჯახში, თუ გარემო მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, თუ არის სექსუალური ძალადობის მხვერპლი, ამ შემთხვევაში ბავშვი ოჯახიდან გამოგვყავს.
93 შემთხვევაში მოხდა ოჯახიდან გამოყვანა. ნაწილი გადაყვანილ იქნენ მინდობითი აღზრდით, ნაწილი საოჯახო ტიპის სახლში, ნაწილი ჩვილ ბავშვთა სახლში, ნაწილი - დედა და ბავშვი გადაყვანილი იქნა თავშესაფარში. შემთხვევები გადავამისამართეთ ტრეფიკინგის თავშესაფარშიც. ნაწილი რჩება ნათესავებთან.
რა ხნით დარჩება ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, ეს ინდივუდუალურია. სახელმწიფოს მხრიდან სრულიად ხდება მასზე ზრუნვა, ვავითარებთ მათ უნარებს, ვცდილობთ შემდგომში დავასაქმოთ, მივცეთ განათლება, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოემზადონ. მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები. სახელმწიფო ზრუნვა ზოგადად 18 წლამდეა, თუმცა შესაძლოა, არ იყოს 18 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ დარჩენა საჭირო. გააჩნია ბავშვი რა შემთხვევაში გამოდის. შესაძლოა, ცოტა ხანში დაბრუნდეს სახლში, თუმცა თუ მშობლის უფლების ჩამორთმევაა საჭირო, რა თქმა უნდა, ჩამოერთმევათ.
თითოეულ ბავშვს ჰყავს სოციალური მუშაკი. საჭიროების შემთხვევაში დადიან ფსიქოლოგთან. რეგიონში გვყავს თითო და თბილისშიც ერთი ფსიქოლოგი, მაგრამ არსებობს მანდატურის სამსახური, სადაც არის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი და სკოლის მოსწავლეებს ხშირად იქ ვამისამართებთ. ეს არის თბილისში, ბათუმში, კახეთში, იმერეთში. საოჯახო ტიპის სახლებში როცა ვამისამართებთ, იქ თავად ჰყავთ ფსიქოლოგები და ეწევათ საჭიროების მიხედვით მომსახურება”, - აცხადებს “აიპრესთან” მარი წერეთელი.
ბავშვთა მიმართ ძალადობაზე მიმართვიანობა გაზრდილია სახალხო დამცველის აპარატშიც. “აიპრესი” სახალხო დამცველთან არსებულ ბავშვთა უფლებების ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა განგვიცხადა, ამჟამად ბავშვთა მიმართა ძალადობის სტატისტიკაზე მუშაოებენ და ჯერ სრულყოფილი სურათი არ აქვთ, თუმცა ამბობს, რომ ხშირია როგორც სექსუალური ძალადობის, ასევე ბულინგის შემთხვევები.
მაია გედევანიშვილი: საბოლოო სტატისტიკა დეკემბრის ბოლოს იქნება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ 2014-2015 წლებში გაიზარდა ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია და 2014 წლის განმავლობაში, 11 თვის მდგომარეობით, არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ 80 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, მათგან სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ განხორციელდა 38 შემთხვევაში. პროკურატურიდანაც გამოვითხოვეთ მონაცემები და იგივე დანაშაულის გამო 2014 წლის განმავლობაში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 48 არასრულწლოვანს.
2015 წელს გვაქვს მხოლოდ იანვარ-თებერვლის მონაცემები და ამ მუხლებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო შვიდ საქმეზე. მიგვაჩნია, რომ ეს ბევრია, დაზარალებულად 7-დან 6 არასრულწლოვანი იქნა ცნობილი.
ხშირია ასევე, ბულინგის, ანუ ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის, დაცინვის, დამცირების, ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები. ეს განსაკუთრებით გაზრდილია სკოლაში. ბულინგზე განცხადებები შეეხება როგორც ბავშვთა შორის, ასევე მასწავლებლის მხრიდან განხორციელებულ ამ სახის ძალადობას.
მომართვიანობას რაც შეეხება, ჯამში ჩვენთან იქნება დაახლოებით 100 განცხადება შემოსული. თუმცა, ჩვენამდე რომ 100 მოდის, ისე ბევრად მეტია. აქედან, ალბათ, ბულინგი არის ნახევარი, თუ მეტი არა.
ფიზიკური ძალადობაა სერიოზულად მისახედი. იმის გარდა, რომ განცხადებებს ვსწავლობთ, ჩვენ ვასრულებთ ასევე ბავშვთა დაწესებულებების მონიტორინგს, ვაწარმოებთ პროგრამების მონიტორინგსაც, მაგალითად მინდობით აღზრდის მონიტორინგს. ახლა ჩვენ ვნახულობთ ბიოლოგიური ოჯახებიდან გამოყვანილ ბავშვებს, ოჯახში ბავშვზე ძალდობის მაღალი შემთხვევებია, თან ფიზიკური ძალადობის. ძალიან სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ ხშირად ოჯახური ძალადობის შესახებ ინფრომაციას მალავენ”,-აღნიშნავს მაია გედევანიშვილი.
მაია გედევანიშვილი ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის არაეფექტურობაზეც საუბრობს.
მაია გედევანიშვილი: არსებობს რეფერირების ბრძანება სამი მინისტრის, ჯანდაცვის, განათლების და შს სამინისტრო არის ჩართული მასში. მათი ვალდებულებაა რომ ერთმანეთს შეატყობინონ ძალადობის შემთხვევების შესახებ. შემდეგ ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტოში მიმართვიანობა, თუმცა საქმე იმაშია, რომ მიმართვიანობა ძალია დაბალია, ფაქტის იდენთიფიცირებაც ძალიან გართულებულია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ შსს-საც, იმიტომ რომ შსს-ს რეაგირების მაჩვენებელიც არ არის მაღალი.
მიგვაჩნია, რომ სახელწმიფოს მხრიდან უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ამ პრობლემის დასაძლევად. აუცილებელია რომ რეფერირების ბრძანებამ იმუშაოს. პოლიციას უნდა შეატყობინონ, როცა ბავშვზე ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება მოხდება.
გარდა ამისა, ძალიან სერიოზული პრობლემაა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით. ფსიქოლოგები მუშაობენ, არასამთავრობო ორგანიზაციებია, სოც. მომსახურების სააგენტოს ჰყავს ასევე ფსიქოლოგები, მაგრამ რესურსი, რასაკვირველია, არ არის საკმარისი. საჭიროა, უკეთ დაიგეგოს მთელი პროცედურა, დაწყებული ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებიდან ბავშვის რეაბილიტაციამდე. რეაბილიტაციას რაც შეეხება, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე სოციალურ რეაბილიტაციაზეც.
ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ რეფერირების ბრძანება უნდა სრულდებოდეს და სათანადოდ არ სრულდება. მოვალეობას არასათანადოდ ასრულებენ ამაში ჩართული მუშაკები, რომლებიც ვალდებულნი არიან, რომ ეს ბრძანება შეასრულონ. გარდა ამისა, ქვეყანაში არ განხორციელებულა არც ერთი კამპანია, რომელიც სამოქალაქო ცნობირების ამაღლებისკენ იქნება მიმართული, რომ ბავშვის ცემა, ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევას აქვს საინტერესო მონაცემები. მშობლებს და იმათ ვინც უნდა იცავდეს ბავშვს, მიაჩნიათ რომ ძალადობის შემთხვევებზე, თუ ის კატასტროფული არ არის, აუცილებელი არაა მიმართონ სათანადო ორგანოებს, რომელიც გათვალისწინებულია რეფერალურ ბრძანებაში”,-აღნიშნავს მაია გედევანიშვილი.
მაია გედევანიშვლი საკანონმდებლო ხარვეზებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ბავშთა მიმართ ძალადობის პრობლემა საკანონმდებლო კუთხით უფრო სრულყოფილად უნდა რეგულირდებოდეს. გედევანიშვილი საზოგადოების დაბალ ცნობიერებაზეც მიუთითებს და ამბობს, რომ პრობლემაზე აქტიური საუბარი უნდა დაიწყოს და კამპანიები დაიგეგმოს. როგორც ამბობს, ხშირად ბავშვზე სწორედ ისინი ძალადობენ, ვისაც მათი დაცვა ევალება.
მაია გედევანიშვილი: ბავშვის მიმართ ძალადობის პრობლემა პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დარეგულირებული. ასევე აღმასრულებელ დონეზე. ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არის აღსრულების პროცესი, რომელიც არის არასრული და არასრულყოფილი. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რადგან იმათ, ვისაც ევალებათ ბავშვის დაცვა, ისინი ძალადობენ თავად ბავშვებზე. არ მიაჩნიათ, რომ თავში წამორტყმა, ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა ძალადობაა და სერიოზული პრობლემაა. ამაზე უნდა ისაუბროს საზოგადოებამ, ამაზე უნდა ისაუბრონ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, განსაკუთრებით მათ უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს პრობლემა, ვისაც ბავშვის აღზრდა ევალება, უფრო კვალიფიციური უნდა იყოს ეს კადრი და ესმოდეს ეს სფერო ზოგადად. არ ესმით, რომ ბავშვს არ უნდა დაატყან. ესეთი შემთხვევები ფიქსირდება სკოლებში, ბაღებში და რეაგირება ლამის ნულის ტოლია.
დავუშვათ, სკოლაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასწავლებელმა ბავშვს და ამაზე შემოვიდა ჩვენთან განცხადება, ჩვენ რასაკვირველია, ვიწყებთ მუშაობას და კითხვით მივმართავთ, პირველ რიგში, სკოლას, უმეტეს შემთხვევებში სკოლიდან მოდის პასუხი, რომ ეს არ არის სწორი ფაქტი, რომ მასწავლებელი არ იყო დამნაშავე. ხელს აფარებენ უმეტეს შემთხვევაში.
ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ბავშვმა თქვა, რომ მასწავლებელმა თავი დაატყმევინა მერხზე ბავშვს. ეს ერთმა ბავშვმა თქვა, როცა მოწმე მთელი კლასი იყო და ცოტა ხანში უკან წაიღო ეს სიტყვები, იმიტომ რომ ვიღაცამ უთხრა, ასე მოქცეულიყო, სავარაუდოდ მშობლემა. არ არის საზოგადოებაში ცნობიერება საკმარისი. რომ ამას ებრძოლონ. საზოგადოება არ არის მზად, ეს რომ გააცნობიეროს.
გარკვეულ კანონებში ცვლილებები უნდა შევიდეს და უფრო ზუსტად გაიწეროს ძალადობის ფორმები და რა სახის რეაგირებაა საჭირო ამაზე. ბავშვის ფიზიკური დასჯის წინააღმდეგ არსებობს ევროსაბჭოში უზარმაზარი პროგრამა, რომელიც ითხოვს, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს კანონმდებლობაში გაწერილი დეტალურად ფიზიკურ დასჯასთან დაკავშირებით რეგულაციები. ეს ჩვენ არ გვაქვს.
ჩვენთან ზოგადი განათლების შესახებ კანონში არის ჩანაწერი, რომ ბავშვის ფიზიკურად დასჯა აკრძალულია. ოჯახური ძალადობის შესახებ კანონშია ეს კიდევ გაწერილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არ არსებობს ბავშვზე ქოლგა კანონი, რომელიც შეითავსებდა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას და საკითხს.
ჩვენთან თუ აღმზრედლმა ჩაიდინა ბავშვზე ძალადობა და ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, ადმინისტაციული კანონით მას პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. არსებობს განათლების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც სწავლობს ასეთ საკითხებს, თუმცა იშვიათად ისჯებიან.
ბავშვის ძალადობისგან დაცვის ყველანაირი ზომა საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გატარებული. ბავშთა მიმართ ძალდობის საკითხის საკანონდებლო დონეზე დარეგულირებაა საჭირო.
რატომ არ ატყობინებს პოლიციას მეზობელი, როცა მას ესმის, როგორ ძალადობს მამა ბავშვზე? მიიჩნევს, რომ მისი საქმე არ არის. სამწუხაროდ ამას კანონი არ არეგულირებს. სხვათაშორის, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციაც არსებობს, მაგრამ ეს არ გაუთვალისწინებიათ”,-ამბობს გედევანიშვილი.
“აიპრესი ” შეეცდება გაარკვიოს, რა კეთდება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სახელმწიფოს მხრიდან და ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებების პოზიციასაც შემოგთავაზებთ.