საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალის ბოლო კვირას მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება.

13 ივლისს ფესტივალის სტუმრები გაეცნენ ქართული სპორტის ტრადიციულ სახეობებს. ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატებმა ირაკლი ქოქოსაძემ, ზვიად ვარდუკაძემ, ნანა გამყრელიძემ, მარიტა ბიბლაიამ, ალექსანდრე ბებერაშვილმა, გიორგი ლაცაბიძემ, აკაკი დავითინიძემ, გიორგი ერქვანიამ და ჯემალ ჩიტიშვილმა საჩვენებელი წარმოდგენა გამართეს.

სტუმრები დაესწრნენ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლ „ცისკარს“ (რეჟ. ე. მაცხონაშვილი).
მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქალთა პირველი პროფესიული მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „სათანაო“, სოფო ხალვაში და ბენდი. მათ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიება დასრულდა საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“, კონცერტით, რომელიც ანშლაგით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ლევილის ქართული ფესტივალი ქართველი და უცხოელი მაყურებლის დიდ ინტერესს იწვევს.
ინფორმაციისთვის: 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ლევილის მამული ქართულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მეორედ იმართება და 2023 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე - მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი.

ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ საფრანგეთის მოქალაქე სტუმრობს. ღონისძიებების სტუმრებს შორის არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

წლევანდელ ფესტივალში ორი თვის განმავლობაში მონაწილეობს 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი, რომელთა შორის არიან ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები თუ შემოქმედებითი ჯგუფები. სპორტის არაერთ სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სტუდენტები.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს. შვიდი სტუდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში სტუმრობდა კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებულ პირველ შემოქმედებით რეზიდენციას და მათ მიერ იქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდა.


ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.