თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის  მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება/რეაბილიტირების მიმართულებით მომზადებული ორი პროგრამის შესახებ ისაუბრა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, თბილისის საკრებულო აქტიურად არის ჩართული იმ დადგენილების პროექტში, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის პროცესს გულისხმობს.

„ეს  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან  თბილისის ისტორიული შენობები  არის ჩვენი  საგანძური. 

ძალიან ბევრი ადგილის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა,  თუმცა ეს არ არის საკმარისი.  საერთო ინტერესია,  რომ პირველი, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მეორე, შევუნარჩუნოთ თბილისს  ისტორიული უბნები და ის ურბანული ქსოვილი,  რომლითაც ჩვენ ყველანი ერთად ვამაყობთ. ამ მიზნით შემუშავდა ორი პროგრამა და საკრებულო  აქტიურად არის  ჩართული  ამ პროცესში. თბილისის განვითარების ფონდი ბიზნესს  დამტკიცებულ პროექტებს შესთავაზებს. ბიზნესს საშუალება ექნება ამ პროექტების მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით და ფონდის ზედამხედველობით ავარიული შენობები ჩაანაცვლოს ან რეაბილიტაცია ჩაუტაროს მათ;  ამის სანაცვლოდ კი  მის საკუთრებაში არსებულ არაისტორიულ უბნებში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლოს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესი ამ პრეფერენციებით ვერ ისარგებლებს, ვიდრე ფონდს დასრულებულ პროექტს არ ჩააბარებს“,  -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, თუ სამშენებლო კომპანიას არ სურს პირადად შეასრულოს სამუშაოები, შესაძლებელია მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით ბიუჯეტში თანხა შეიტანოს, რაც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას მოხმარდება.

ლევან ჟორჟოლიანმა  ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობის გასხვისებაზეც ისაუბრა.

„ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს თავიანთი ქონების გასხვისება აუქციონის საშუალებით შეეძლებათ. მესაკუთრეებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ მათი საკუთრების, მათი ქონების გასხვისებისა თუ გაყიდვის პროცესი  თბილისის მერიამ აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს.  მუნიციპალიტეტი მესაკუთრეებს შენობების რეალიზაციაში ეხმარება.  აუქციონის საშუალებით განისაზღვრება ქალაქმშენებლობითი პარამეტრები, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს“, -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.