„დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი დაბალანსებული, რეალისტური, ჩვენი ქალაქის გრძელვადიან განვითარებასა და მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული. მიმაჩნია, რომ ეს ისეთი ბიუჯეტია, რომელსაც მხარი ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც კი უნდა დაუჭირონ და კონსტრუქციული დიალოგისკენ გადადგან ნაბიჯი“, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ და დედაქალაქის მერს წარმოდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.
ლევან არველაძის თქმით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - ბიუჯეტი - არის გაზრდილი 219 მილიონი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 193 მილიონ 388 ათას 700 ლარს.
„საერთო ჯამში, 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გვაქვს 10 %-იანი ზრდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი არის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება - ამ მიმართულებით 600 მილიონი ლარი არის გამოყოფილი, რაც საერთო მოცულობის 27 %-ს შეადგენს, რაც ასევე ძალიან დიდი მაჩვენებელია. სატრანსპორტო და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 500 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ლევან არველაძემ.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლიფტების პრობლემის მოგვარებისათვის გამოყოფილ თანხებზე ისაუბრა.
„ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ლიფტების პრობლემის მოგვარების მიმართულებით და გამოყოფილია 30 მილიონი ლარი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი პროგნოზით, არცერთი ავარიული ლიფტი აღარ იქნება ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ლევან არველაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„ამ მიმართულებით 19 მიმდინარე პროექტიდან 5 უკვე დასასრულს უახლოვდება. ჩვენ მზად ვართ, მოქალაქეების მომართვიანობის შემთხვევაში შევთანხმდეთ და ეს თანხები გავზარდოთ. ბიუჯეტის ზრდა ასევე შეეხო რაიონულ გამგეობებსაც და ჯამში, ათივე რაიონული გამგეობის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარით იზრდება, რაც მათ არაერთი სხვადასხვა პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, საინტერესო ანგარიშისთვის, რომელშიც ჩვენი დედაქალაქის სწორი განვითარების ხედვა იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან არველაძემ.










