ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე დღეს გარდაიცვალა. ლეილა აბაშიძემ ქართველ მაყურებელს არაერთი დაუვიწყარი ფილმი და სახასიათო გმირი დაუტოვა თავისი შესრულებული როლებით.
ლეილა აბაშიძე 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.
კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. იყო მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი 1958 წლიდან.
2009 წლის წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად საღამო გაიმართა, რომელსაც ქართული კინოს ცნობილი მოღვაწეები და ხელოვანები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე ლეილას მონაწილეობით ცნობილი კინოფილმების კადრები, ბიოგრაფიული ფოტოები, ფოტოსესიები და ინტერვიუ იყო ნაჩვენები, აგრეთვე, ჰოლივუდის და ევროპული კინოს ვარსკვლვებთან ერთად გადაღებული მისი ფოტოები.
| „მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის, ნატო ვაჩნაძის, ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს.“ |




