პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტები ხელებში უყურებდეს სტუდენტებს და საჭიროა განათლების დაფინანსების წესში სასწრაფოდ ცვლილებების მიღება.
ეს განცხადება ლადო პაპავამ "აიპრესთან" ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. პაპავა აქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ლადო პაპავა: ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის უმაღლესი განათლების საკითხები. შემოდგომაზე როდესაც დაიწყება ახალი სასწავლო წელი, ძალიან ბევრ სტუდენტს, რომელსაც არ ექნება გრანტული დაფინანსება, მას გაუჭირდება სწავლის საფასური გადახდა. ამიტომ სასწრაფოდ არის მისაღები ცვლილებები უმაღლესი განათლების დაფინანსების წესში. სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. არ შეიძლება უნივერსიტეტი ხელებში უყურებდეს სტუდენტებს. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ასეთი მოდელი არ მუშაობს. _ ყველა სპეციალობაზე უნდა გაუქმდეს გადასახადი თუ გარკვეული სპეციალობების სტიმულირება უნდა მოხდეს? _ აბსოლუტურად ყველა სპეციალობას. როგორც წესი ევროპული მოდელი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ეფუძნება იმას, რომ სახელმწიფო ენაზე სწავლება უნდა იყოს უფასო. რომელი სტუდენტიც არ უნდა იყოს ის, ადგილობრივი თუ უცხოელი, უნდა სწავლობდეს უფასოდ, ის არ უნდა იხდიდეს ფულს. ხოლო თუ სწავლა გინდა უცხო ენაზე, მაშინ უნდა გადაიხადო საფასური. ეს არის მოდელი, რომელიც არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოყენებული, რომლებიც დღეს უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და კარგადაც ვითარდებიან. ამიტომ, ჩვენც გვჭირდება, რომ სერიოზულად ვიფიქროთ განათლების და მეცნიერების სისტემის სრულყოფაზე, რაც პრიორიტეტული უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი