კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქტიური სამუშაოები გრძელდება ალავერდის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სახლზე და უახლოეს დღეებში დასრულდება ქუჩის მხრიდან (ფასადი) კრამიტის ახალი საბურველის მოწყობა.
"არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების მიერ ამ დრომდე მიმდინარეობს კარიბჭე-სამრეკლოს საპროექტო სამუშაოები, რაც ემსახურება თუნუქის საბურველის მოხსნის შემდგომ გადახურვის სარესტავრაციო მეთოდოლოგიის შემუშავებას. წმ. გიორგის სახელობის ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) დასრულდა აგურის კარნიზის რესტავრაცია და გადახურვის კონსტრუქციის მოსაწყობი სამუშაოების შემდგომ ეტაპზე იგეგმება საიზოლაციო ფენის დაგება და კრამიტის ახალი საბურველის მოწყობა. გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერს მიუახლოვდა ხარაჩოს მოწყობის პროცესი, რაც, შესაბამის საპროექტო სამუშაოებთან ერთად, ტაძარზე ჯვრის აღმართვის აუცილებელი წინაპირობაა.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა. ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
ასევე, მიმდინარე წლის 7 ივლისს, სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. მთავრობის მეთაურს სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.