დღეს, 25 იანვარს, საქართველოს კულტურის სამინისტრომ კონკურსი ,,ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამოაცხადა. ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სამინისტროს მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 500 000 ლარია და მისი მიზანია რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და მისთვის საყოველთაო ხასიათის მიცემა; ასევე, მუსიკოს-შემსრულებელთა, შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების საქმიანობის ხელშეწყობა, კერძოდ, რეგიონებში ქართული ესტრადისა და ფოლკლორული კონცერტების გამართვის წახალისება და საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 500 000 ლარს და მის შედეგად განხორციელდა 11 პროექტი, რომელთა ეგიდითაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფელსა თუ დაბაში 32 კონცერტი გაიმართა, ღონისძიებებში მონაწილეობა კი 192-მა ხელოვანმა მიიღო.

ამჟამად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. კონკურსანტს კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.

კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომლის ფარგლებშიც:

ა) კონცერტები გაიმართება ორ ან მეტ ადმინისტრაციულ-გეოგრაფიულ პუნქტში;

ბ) კონცერტები გაიმართება პატარა და საშუალო დასახლებებში (სოფელი, დაბა, პატარა ქალაქი და სხვა).

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 25 იანვრიდან 2023 წლის სამი თებერვლის 12:00 საათამდე კულტურის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.

კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 599 310 303 (სამუშაო საათების განმავლობაში).

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანებით „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

🔹დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh

ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau

საკონკურსო პირობები - https://cutt.ly/X9xoJPr