25 იანვარს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიმდინარე წელსაც კონკურსი ორ ეტაპად გამოცხადდება. დღეს გამოცხადებული კონკურსის ბიუჯეტია 300 000 ლარი. 2023 წელს ამ მიზნით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 683 720 ლარს შეადგენს.

კონკურსის მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ახალი იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება. კონკურსი აერთიანებს შემდეგ დარგებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ახალი მედია, მედიახელოვნება.

2022 წელს კონკურსის ჯამური ბიუჯეტი იყო 660 422 ლარი. კონკურსში მონაწილეობდა 275 ადამიანი. გაიმარჯვა 30-მა პროექტმა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. შესაძლოა, კონკურსში უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის დაფინანსების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ რომელიმე ქვეპროგრამა.

კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო/საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებული პროექტის/ღონისძიების დაწყების თარიღად განისაზღვრება 2023 წლის 27 თებერვალი, ხოლო პროექტის დასრულების თარიღად - 2023 წლის 15 ნოემბერი.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 25 იანვრიდან 2023 წლის 3 თებერვლის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info@culture.gov.ge.

მსურველებს შეუძლიათ კონსულტაციებისთვის დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს, ტელ.: 032 2 022229; 599 25 21 88, სამუშაო საათების განმავლობაში.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვლისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

🔹დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh

🔹ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau

🔹საკონკურსო პირობები - https://cutt.ly/69xouk9

fb ლინკი - https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/videos/560095899371879