საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

2021 წელს ამ კონკურსის ბიუჯეტი იყო 550 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობდა 285 ადამიანი. დაფინანსდა 9 პროექტი.

2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 1 100 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობდა 300 ადამიანი. დაფინანსდა 10 პროექტი.

წელს კონკურსის ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა და 1 300 000 ლარი გახდა. კონკურსის მიზანია პროფესიული მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ფილარმონიული და სასცენო-მუსიკალური შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და ანსამბლების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის პირობების თანახმად, მიიღება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროფესიული მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ პროფესიული მუსიკალური ან/და საბალეტო ხელოვნების სფეროში საქმიანობის გამოცდილება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

კონკურსში შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის ავტორს აქვს მსგავს პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, გამოირჩევა მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამით, მკაფიოდ არის გამოკვეთილი შესაბამის სფეროში მისი საერთაშორისო ავტორიტეტი და აქვს თანადაფინანსება. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს საკონკურსო კომისია.

კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო/საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებული პროექტის/ღონისძიების დაწყების თარიღად განისაზღვრება 2023 წლის 27 თებერვალი, ხოლო პროექტის დასრულების თარიღად - 2023 წლის 15 ნოემბერი (განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, ზამთრის სეზონური ფესტივალის მიმდინარეობისას, დასრულების თარიღად შეიძლება განისაზღვროს არაუგვიანეს 28 დეკემბრისა).

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 25 იანვრიდან 2023 წლის 3 თებერვლის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info@culture.gov.ge.

მსურველებს შეუძლიათ კონსულტაციებისთვის დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს, ტელ.: 032 2 022229; 577 40 84 07; 599 79 10 18, სამუშაო საათების განმავლობაში.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვლისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh

ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau

საკონკურსო პირობები - https://cutt.ly/V9xoR8n

FB ლინკი - https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/videos/620541739879251