21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს ერთიდღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადააბრძანებენ, შესაბამისი ნებართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე გასცა, - ამის შესახებ "აიპრესს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს.
იმავე კითხვაზე, 30 აგვისტოს სამინისტროს სულ სხვა პასუხი ჰქონდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, "აიპრესმა" გამოაქვეყნა სტატია "კულტურის სამინისტრო: ღვთისმშობლის კვართის ხობში გადაბრძანებაზე ბრძანება არ გაგვიცია" სადაც სამინისტრო უარყოფდა სიწმინდის ერთი დღის გატანაზე ნებართვის გაცემას.
დღეს, კი "აიპრესთან" კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი იურიდიული ნორმა რომელიმე ეპარქიას სამუზეუმო ექსპონატის (ღვთისმშობლის კვართი ავტ.) გატანაზე უთხრან უარი.
"სამინისტრო თანახმაა ერთი დღით, 21 სექტემბერს წააბრძანონ კვართი და დააბრუნონ დადიანების სასახლეში. თუ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს ჩაერთოს საპატრიარქო და ალბათ საბოლოოდ საპატრიარქომ უნდა გაარკვოს, სად უნდა ბრძანდებოდეს კვართი. მაგრამ, ის რომ ერთი დღის წააბრძანონ ხობში და ისევ დააბრუნონ, ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი წინააღმდეგი არ არის, რომელსაც ჩემთან ერთად ელაპარაკნენ და თქვა: კი ბატონო, მე ვარ თანახმა წააბრძანონ და დააბრუნონ და საერთოდ, საბოლოოდ გაირკვეს ამ კვართის ადგილსამყოფელიო.
ჩვენ მოგვმართეს და გავეცით პასუხი. გაცნობებთ, რომ საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრო თანახმაა, 2015 წლის 21 სექტებერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე დადიანების სასახლის ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში დაცული სიწმინდეები და ღვთისმშობლის კვართი გადატანილი იქნას ხობის ხარების დედათა მონასტერში იმ პირობით, რომ სიწმინდეები სათანადოდ იქნება დაცული და წირვის დასრულებისთანავე დაბრუნდება მუზეუმში ანუ დაბრუნდება მუზეუმში და არა სამუდამოდ.
მანამდე, როდესაც ზუგდიდის ეპარქიამ მოგვმართა, მოგვეცით ნება გამოვაბრძანოთ და ეკლესიაში დავაბრძანოთo, ჩვენ მათაც თანხმობა მiვეცით. და ახლა, ჩვენ არც არანაირი იურიდიული და არც სხვა საფუძველი არ გვაქვს საიმისოდ, რომელიმე ეპარქიას ექსპონატის გატანაზე ვუთხრათ უარი. თუ ერთს ვუთხარით თანხმობა, მეორეს როგორ ვუთხართ უარი?
2007 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩამოვიდა ზუგდიდში და ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბრძანა: "ამიერიდან ღვთისმშობლის კვართი დარჩება ზუგდიდში" ამის შესახებ იცის კულტურის სამინისტრომ?
2007 წელს საუბარი იყო კვართის მუდმივად წაღებაზე. ახლა არსებობს იმის პრეცედენტი, ეპარქიები ითხოვენ სიწმინდეებს, ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში თანხმობას ვეუბნებით ყველას. მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში ვეუბნებით უარს, თუ არის დაზიანების საფრთხე ან ვერ უზრუნველყოფენ დაცულად გადატანას",-გვითხრეს კულტურის სამინისტრო.
"აიპრესთან" მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია 5 დღის წინ აცხადებდა: ღვთისმშობლის კვართის ყოველ წუთსა და წამს საცავიდან გატანა უპატივცემულობა და გაუფასურებაა იმ დიდი სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებით. აქ გასათვალისწინებლია ისიც, რომ სიწმინდე ქსოვილია. ამ ქსოვილს დიდი მოკრძალება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. კვართთან ხშირი შეხება არაფრით შეიძლება. გამონაბოლქვი, სიცხე და ოფლი სიძველეს აფუჭებს. ამას თუ არ გავუფრთხილდით, ღვთისმშობლის კვართს ვერ დავიცავთ. ჩვენ არაფერი შეგვრჩება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, რომელსაც მე ვემსახურები. დანარჩენს კულტურის სამინისტრო და მთავრობა გადაწყვეტს.
ტურინის მოსასხამი 10 ან 20 წელიწადში ერთხელ გამოაქვთ, ამისთვის მოკრძალებით ემზადებიან, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადის ხალხი მის სანახავად. ქართველებს არ გვიყვარს წესი და კანონის მიმართ მორჩილება, რაც ცუდია. ცოდვაა ღვთისმშობელი ასე ხშირად, რომ შევაწუხოთ".
რატომ შეიცვალა მუზეუმის დირექტორმა 5 დღით შემდეგ აზრი, ამასთან დაკავშირებით "აიპრესი" ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში ლილი ბერაია ესაუბრა.
"მე დამიკავშირდა პიროვნება, რომელმაც მითხრა: მუზეუმების სამმართველოს მოადგილე ვარო. თქვენი აზრი გვაინტერესებსო. მე ნამდვილად ვუთხარი, თუ ერთი დღით გადააბრძანებენ არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებით არ ხდება. თუ კულტურის სამინისტრომ 28 აგვისტოს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას მისცა უფლება მუზეუმიდან გადაებრძანებინა სიწმინდე არა დადიების კარის ეკლესიაში, არამედ ქალაქის ბოლოს მშენებარე ეკლესიაში, მაშინ რა მოხდება 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღეს გადააბრძანონ ხობის დედათა მონასტერში?
მე ჩემი მოსაზრება გამოვთვი. ჩემი აზრი არაფერს ნიშნავს. მე არ მაქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. ხელს ნურავინ შემახოცავს. ჩემს ნათქვამს თუ დაუჯერებენ, ღვთისმშობლი კვართი წერიწადში ერთხელ, მხოლოდ ვლაქერნის დღესასწაულზე კარის ეკლესიაში უნდა გადაბრანდეს. თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მე ღვთისმშობლის პეანგის მოვლა-პატრონობა დამავალეს. და არა ისე, როგორც თვითონ უნდათ ისე აკეთებენ... აქ გადაწყვეტილებას ხელისუფლება და კულტურის სამინისტრო იღებს და არა ლილი ბერაია.
ქალბატონო ლილი, 2020 წელს თბილისში, მახათას მთაზე ივერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი იხსნება. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პაატა ბურჭულაძეს, რომელის ამ მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელია, სურილი აქვს ღვთისმშობლის კვართი თბილისში გადააბრძანოს. თქვენ იცით ამის შესახებ?
"მე არ ვიცი ვის რა სურს, მაგრამ ღვისმშობლის კვართი არ უნდა გავიდეს სამეგრელოდან. არავითარ შემთხვევაში."
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2007 წელის 15 ივლისს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა, რომ ღვთისმშობლის კვართი უნდა ყოფილიყო ზუგდიდში.
"თბილისში გაკეთდა მოსათავსებელი ლუსკუმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პერანგისა და დღეს, ჩვენ დავასვენეთ ამ ჭურჭელში, ლუსკუმაში და ამიერიდან ეს ლუსკუმა თავისი პერანგით და წმინდა ნაწილებით იქნება აქ, ზუგდიდში და დღესასწაულებზე გვექნება საშუალება ვემთხვიოთ. "- ბრძანა პარტრიარქმა.
ასევე უარყოფდა კულტურის სამინისტრო 4 დღის წინ, ხობში სიწმინდის გადაბრძანებაზე ნებართის გაცემას.
ცნობისთვის, ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიკვია — პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა.
ყოველი წლის 15 ივლისს, ( ძვ. სტ. — 2 ივლისი ), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან. დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური მრევლი.