თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი კონსტანტინე ზარნაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრის გამოსვლა უარყოფითად შეაფასეს.

,,მეც მინდა შევეხო პარლამენტში მიმდინარე პროცესებს. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას მეც ვადევნებდი თვალს. მაინტერესებს, რა იყო ტყუილი პრემიერის გამოსვლაში, ის, რომ სააკაშვილის ავანტიურის გამო თბილისთან 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას? რას ვეძახით ტყუილს, იმას, რომ საქართველოს შარშან კანდიდატის სტატუსი მოლდოვისგან განსხვავებით, უსამართლოდ არ მიეცა,’’-განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ და აღნიშნა, რომ ამ სტატუსის დამსახურებულად მისაღებად ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

ზარნაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ 12 პუნქტიანი გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი პოლარიზაციის დასრულებაა, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ვერ შესრულდება.

,,ამიტომ, ვფიქრობ, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცინიზმი კარგ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. საკრებულო არის ის ორგანო, სადაც საქმე უნდა კეთდებოდეს და ლანძღვა-გინებას  ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო’’,-აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ.