კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორის, შმაგი ჭიოკაძის ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შმაგი ჭიოკაძის თქმით, ერთ ახალგაზრდას კლინიკაში შეყვანის დროს მარცხენა მხარის არეში ჰქონდა ღია ჭრილობა, მეორეს კი – მარცხენა მტევნის არეში. ორივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, არიან კონტაქტურები და რეაბილიტაციის გავლის მიზნით რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევთ კლინიკაში დარჩენა.
„22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ჩვენთან შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისები. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა – ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის, მეორეს – მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
ჯერჯერობით დარჩებიან კლინიკაში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ჭრილობაა, ცეცხლსასროლით თუ არაცეცხლსასროლით, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს. შესაბამისად, დაველოდოთ. კონტაქტურები არიან, კარგად არიან. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პერიოდს, ვნახოთ, რამდენი ხანიც დასჭირდებათ“, – განაცხადა კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.




