რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რაც თითქოს ბელორუსის რესპუბლიკაში იყო გაცემული. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე დაზარალებული ბრალდებულს უფლებას აძლევდა, განეკარგა და მათ შორის, მესამე პირზე გაესხვისებინა, მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 10700.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რითაც დაზარალებულს 374 500 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ (თაღლითობა დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შენახვა, გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.