ყველასთვის საყვარელი ხევსური მიხა პაპა (მიხეილ არაბული) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფოარმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ხევსურული პოეზია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიხა არაბულის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ახლობლებს." - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

2019 წლის, 28 აპრილს, მიხა პაპა ილია მეორემ მონათლა.

მიხა პაპას ისტორია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინათ გახდა.  გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრის დასახმარებლად კამპანია მოეწყო და მას თბილი ქოხი აუშენეს.

"ოთხი კვირის წინ, ხევსურეთიდან ვიდრე წამოვიყვანდით, როცა თავის ქოხში ვნახეთ, სიკვდილს შეგუებული იყო - იხვეწებოდა, შიმშილისგან და ავადმყოფობისგან ღონეგამოცლილს როგორც შეეძლო, გვიბრაზდებოდა კიდეც, ნუ დამტანჯავთ აქიმებში, ნუ წამიყვანთო აქედან. ძნელია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გაუკაცრიელებულ ხეობაში დატოვო, სადაც მთელი ზამთარი არც გზაა, არც სატელეფონო კავშირი. წამოვიყვანეთ და ყველაფერს ვცდილობთ. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, კვლევების შედეგად როცა გაიგეს, რომ ონკოლოგიური კუთხით გართულებული იყო, მალევე გამოგვიშვეს. ძალიან ჩქარობდნენ, აქ არ მოგვიკვდესო - ალბათ, სტატისტიკას გავაფუჭებდით. მისივე საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე (დაავადება გართულებულია, ვეღარ გადაადგილდება, სამედიცინო მომსახურება/დახმარება სჭირდება) ერთ-ერთი კლინიკის პალიატიურ განყოფილებაში აღმოვჩნდით. საპატრიარქოს ძალისხმევით, თავდაპირველად ძალიან დაგვეხმარნენ.მთელი ეს პერიოდი ამტკიცებენ, რომ პალიატიური სერვისი სიკვდილამდე პაციენტის უტანჯველად მიცილებას, ტერმინალური მდგომარეობის მართვას ნიშნავს, რომ მათ ჩარევის უფლება არ აქვთ, ამას უნდა შევეგუოთ და ა.შ. გარდა იმისა, რომ ემპათიის უნარი განულებული აქვთ, თვითონვე უწყობენ ხელს პალიატიური მზრუნველობის მიმართ სტიგმატიზაციას. პაციენტს, რომელიც რამდენიმე დღეა საკვებს აღარ/ვეღარ იღებს, რადგან პალიატიურ განყოფილებაშია მოთავსებული, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაეხმარო? პალიატიურშია და მოკვდეს, არ არის სწორი! პირველ რიგში ამ სერვისის წარმომადგენლებს სჭირდებათ პალიატიური მზრუნველობის გააზრება!ონკოლოგმა (რომელიც სხვა კლინიკაშია) დღეს დანიშნა პარენტერალური კვება (წარმოადგენს პაციენტისთვის აუცილებელი ენერგიის და ნუტრიენტების მიწოდების ალტერნატიულ ან დამატებით მეთოდს). კლინიკაში, სადაც პალიატიური განყოფილებაა, ეს მედიკამენტი არ აქვთ. რამდენიმე საათი ვეძებდით სააფთიაქო ქსელებში, ვერსად ვნახეთ, ვერც თბილისში, ვერც საქართველოს რეგიონებში ერთი ცალის გარდა. არადა, სამი ცალი გვჭირდებოდა. ყველგან, სადაც მივმართეთ, გვიპასუხეს, რომ დეფიციტშია. ბოლოს ისევ ონკოლოგს მივაკითხეთ, ვინც ეს წამალი გამოწერა. გავიგეთ, რომ თბილისში არსებობს ე.წ. შავი ბაზარი, ქალაქის ცენტრში. იქ იშოვება და ძალიან ძვირი ღირს.მერე პალიატიურ სერვისში თქვეს ამ პროცედურის ჩატარებაზე უარი, უფლება არ გვაქვსო. რეანიმაციაში გადაყვანა მოვითხოვეთ. დაგვპირდნენ, ავიყვანთო, მაინც არ აიყვანეს. ვაითუ, მოკვდესო. თუ მაინც მოხდა, რას აფუჭებს ამისთანას, რომ ცოცხალ ადამიანს სათანადოდ არ ეხმარებით? იქნებ, გადარჩეს..." - წერდა რამდენიმე დღის წინ "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი.