საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სრულად რეაბილიტირებული მეორე კორპუსის ახალი საგამოფენო სივრცე პირველი ექსპოზიციისთვის ემზადება. 

აქ მხატვარ ლევან ლაღიძის ნამუშევრების მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენა - „ფერწერა“ გაიმართება. გამოფენის კურატორია მაკა ბეჟუაშვილი.ლევან ლაღიძის გამოფენა 2024 წლის 18 მაისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენის მოსამზადებელ პროცესს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი გაეცნენ.ლევან ლაღიძის ასეთი მასშტაბის პერსონალური გამოფენა პირველად იმართება. ექსპოზიცია ორ სართულს მოიცავს და 100-ზე მეტ ფერწერულ ტილოს აერთიანებს, რომელთა მესაკუთრეები თავად ავტორი და 50-მდე კერძო კოლექციონერები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ორი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდანაც.ლევან ლაღიძე XX საუკუნის 80-იანელთა თაობის წარმომადგენელია.

ტერმინ „80-იანელთა თაობის“ დამკვიდრებაც სწორედ მას უკავშირდება. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მხატვარი განსხვავებული ფერწერული მანერით გამოირჩევა, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს რაციონალურსა და მეტაფიზიკურს. შემოქმედი თანამიმდევრულად მიჰყვება თავის შემოქმედებით გზას და მარადიული საიდუმლოს ძიების სურვილს. მისთვის მხატვრობა სამყაროს შეცნობის საშუალებაა. როგორც ლევან ლაღიძე ამბობს: „მხატვრობა იწყება არა მაშინ, როცა შეგიძლია ხატო, არამედ - როცა არ შეგიძლია, არ ხატო.“2011 წელს ლევან ლაღიძემ თბილისში გახსნა საკუთარი გალერეა – Lagidze Gallery. 2018 წლიდან თანამშრომლობს ბრიტანეთში მოღვაწე ამერიკელ კურატორ ქეთრინ ლევინთან.

ლონდონში ყოველწლიურად იმართება მხატვრის პერსონალური გამოფენა.ინფორმაციისთვის: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში 2024 წლის ოქტომბრიდან წარმოდგენილი იქნება მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა. შენობის პირველ სართულზე ახალი საექსპოზიციო ინტერპრეტაციით გამოიფინება ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდში დაცული კოლექცია.

მესამე სართული დაეთმობა ნიკო ფიროსმანაშვილის ახალრესტავრირებულ პანოებს: „ნადირობა“ და „ხედი შავ ზღვაზე“, „კახეთის ეპოსი ან დღეობა ალაზანზე“, პანო ექვს სურათად, „ყურძნის კრეფა ან რთველი“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ ზოგი ნამუშევარი, 50 წელია, არ გამოფენილა. ასევე, გამოიფინება 1900-1930 წლების ქართული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები.საგამოფენო სივრცის მეოთხე სართული დაეთმობა ხელოვნების მუზეუმში დაცულ დასავლეთევროპული ხელოვნების შედევრებს პაოლო ვენეციანოს ნამუშევრებიდან ვასილი კანდინსკიმდე.ახალი საგამოფენო სივრცის (1400 მ2) საექსპოზიციო პოლიტიკას წარმართავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის საგამოფენო დეპარტამენტი.