ქართული დელეგაციის წევრებმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას, ხელმძღვანელობით კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობისას კინოს სფეროს წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრები გამართეს.
შეხვედრა გაიმართა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს საპროდიუსერო ასოციაციასთან „Ace Producers“, რომლის წარმომადგენლებმაც, ნატალი შოლტენმა და მეიჯინ ფაბიასმა, კინოცენტრის დელეგაციასთან განიხილეს ქართველი პროდიუსერებისათვის საქართველოში სამუშაო შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა და სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი.
გარდა ამისა, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კინოლინზების მწარმოებელი კომპანიის „Leitz Cine“-ს (ლეიკას) წარმომადგენლებმა კინოცენტრთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს და საქართველოში კინოოპერატორების, გამნათებლებისა და კინოს სხვა სპეციალისტებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები, ცნობილი და კინოსამყაროში აღიარებული ოპერატორების ჩამოყვანა და მათი მასტერკლასების გამართვა იგეგმება.
შეხვედრა გაიმართა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამების კურატორ ოუ შიმიზუსთან, ფესტივალზე სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმების შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით.
ქართველ-ფრანგ პროდიუსერთან, ანა ტარასაშვილთან, „LaCinetek“-ის ონლაინ პლატფორმასთან დაკავშირებით ისაუბრეს; პლატფორმაზე გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის ფილმები.
ინდოელ პროდიუსერ ნარეშ მაკერლასთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოში შესაძლო გადაღებები.
ხოლო საფრანგეთის კინოცენტრის, CNC-ის, დირექტორმა დომინიკ ბუტონამ კინოცენტრის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა თუ რა თანამშრომლობის საშუალებაა ორი ქვეყნის ინსტიტუტებს შორის.
ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა ქვინსი ქიუსთან (ვესთ ლეიქის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის (IDF) კონკურსის გენერალური დირექტორი) ქართული დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე წარდგენასთან დაკავშირებით.
ქართულმა მხარემ ასევე შეხვედრა გამართა ონლაინპლატფორმა Gocreator.world-ის თანადამფუძნებელთან - ლარა მარია ჯერდანთან. განიხილეს ონლაინპლატფორმაზე ქართული ფილმების (ტრეილერების) განთავსებასთან, შესაფერისი ადგილებისა და ფინანსური შეღავათების საძიებო სისტემის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.
ასევე, წარმატებული შეხვედრა გაიმართა ესკე ივენთან „ნანტის ფრანკო-გერმანული კულტურის ცენტრის“ დირექტორთან, რომელთანაც ისაუბრეს ქართული ფილმების ფესტივალზე წარდგენასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ვენეციის ფესტივალის პროგრამერ პაოლო ბერტოლინისთან შეხვედრისას იმსჯელეს ფესტივალზე ქართული ფილმების წარდგენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია ფესტივალის მიმდინარეობისას კინოსფეროს კიდევ არაერთ წარმომადგენელს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ კანში კინოცენტრის დაფინანსებით 19 და 20 მაისს ფილმ-მარკეტისთვის განკუთვნილ დარბაზებში გაიმართა რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმის „მოქალაქე წმინდანის“ ჩვენება, რომელსაც დაესწრნენ სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები და გაყიდვის აგენტები.
როგორც ცნობილია, 14-25 მაისს ქ. კანი მასპინძლობს 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პავილიონით მონაწილეობს. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარმოდგენილი საქართველოს პავილიონი წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით კინოცენტრის დელეგაციაში არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განსავითარებლად. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.
კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს წარმოჩენას. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება, რისთვისაც საქართველოს პავილიონში ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ - წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინოკომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს.
ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.