სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში, შვიდი ჰექტარია, ტყე-პარკი განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  ვარკეთილის მეურნეობის ყოფილ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი. ასევე, გამოხშირვა-გაწმენდის მიზნით, მოიჭრა თვითნათესი მცენარეები. 

„პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, გარე განათება, საბავშვო ზონები. დაირგვება ხე-მცენარეები. მომავალ წელს კი, დარჩენილ ტერიტორიაზე იგივე სამუშაოები ჩატარდება. ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.