დედაქალაქის მერიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ასევე, გერმანულ კომპანია ICP-თან თანამშრომლობით, შეიმუშავა თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა აღნიშნულ უცხოურ კომპანიასა და საფინანსო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის, რაც დედაქალაქისთვის აუცილებელი პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენ დიდი გამოცდილება არ გვაქვს ამ მხრივ, არც შესაბამისი კომპანიები, ექსპერტები გვყავს, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებენ, ამიტომ ჩავრთეთ უცხოური კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები. მადლობას ვუხდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) თანამშრომლობისთვის და კომპანია ICP-ის ჩართულობისთვის. მათი მხარდაჭერით ვახორციელებთ ქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას, რაც გააუმჯობესებს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.
„პირადად ჩემთვის, პრიორიტეტია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და რაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელ, უკეთეს ცხოვრებას განაპირობებს. წლების განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნარჩენების მართვის ყველაზე გავრცელებული გზა მათი
ნაგავსაყრელებზე განთავსება იყო, თუმცა, გარემოს დაცვის გლობალური გამოწვევების ფონზე, ეს მიდგომა უკვე არაეფექტურია. დოკუმენტი უკვე მზადაა და უახლოეს პერიოდში ის თბილისის საკრებულოს წარედგინება
დასამტკიცებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილია 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის.
„მომდევნო წლებში დედაქალაქში დავიწყებთ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებასა და გადამუშავებას, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება; დაინერგება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორი და სამკონტეინერიანი სისტემა; ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრები სისტემის, ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა.
შესასრულებელ სამუშაოებზე გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით; გარდა ამისა, მოვიკვლიეთ და შევარჩიეთ რამდენიმე ახალი არეალი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნაგავსაყრელი.
ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას.
რეციკლირებული მასალის რეალიზება ქალაქის ბიუჯეტში მილიონობით ლარის შემოსავლებს და დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. აგრეთვე, ნარჩენების მართვის სისტემაში კერძო სექტორის როლი გაძლიერდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესების პარალელურად, თბილისის მერია გეგმავს ფართომასშტაბიან ცნობიერების ამაღლების კამპანიას.
„თბილისში ყოველწლიურად გროვდება დაახლოებით 411 000 ტონა ნარჩენი. მათი უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ნაგავსაყრელზე ხვდება, მათ შორის ბიოდეგრადირებადი ნარჩენებიც, რაც გარემოსთვის და ადამიანის
ჯანმრთელობისთვის პირდაპირი რისკის შემცველია. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში. ჯანსაღი გარემოს შექმნაში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი. ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს სჭირდება. ცვლილების, რომელიც ჩვენს ქალაქს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.