სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ განახლებული, სამ ჰექტრამდე პარკი გაიხსნა. პარკი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
დედაქალაქის მერმა სამგორის მოსახლეობა ხვალისთვის სამგორობის ღონისძიებაზე მიიწვია.
„მინდა, ხვალ ყველანი დაგპატიჟოთ სამგორობაზე. ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე გვექნება ძალიან დიდი ღონისძიება და აბსოლუტურად ყველას, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით გელით. ერთად ვიზეიმოთ სამგორის რაიონის 50 წლისთავი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. კერძოდ, დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა.