საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოახდინა რეაგირება. სახალხო დამცველი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.
"2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში.
იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედია საშუალებებს გაავრცელონ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან გადამოწმებული ინფორმაცია." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 22 სექტემბრის გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირია დაკავებული
16 ოქტომბერს დააკავეს ვახტანგ ჟვანიას(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი.
17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ვახტანგ ჟვანიას(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 2021 წლის ივნისში ვატო ყიფიანი საქართველოში ექსტრადირებულ იქნა და დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 - ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში მომზადებას გულისხმობს.
ვატო ყიფიანი ტყუპი ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე დააკავეს თუმცა, იგი ბრალს არ აღიარებდა.
2020 წლის 30 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.










