„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვინ იქნება, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება და მოქალაქეები თავის არჩევანს თავისუფლად დააფიქსირებენ. 

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეყოლებათ კანდიდატი. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში, საკრებულოში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება, სადაც ყველა ადამიანს
თავისი ნების დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება.


ქართველმა ხალხმა უსამშობლო აგენტურას უკვე დაარქვა თავისი სახელი, მათ მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური პარტია განწირულია მარცხისთვის. როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, გარედან იღებ მითითებებს და საერთოდ არ გადარდებს შენი ქვეყანა და შენი ქვეყნის ინტერესები, ეს ყოველთვის წარუმატებლად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ თბილისში არჩევნების ჩაშლით იმუქრება, მათ შორის, შიმშილობას აანონსებენ, დედაქალაქის მერი პასუხობს:
„თუ ვინმეს შიმშილობა უნდა, მე ამას არავის ვურჩევ, რადგან ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, მათი ჯანმრთელობისთვის. წარმოუდგენელია, ამით რა შედეგი უნდა მიიღონ“.