კადირის უნივერსიტეტის პროფესორის ტრიანტაფოლოუ დიმიტრიუსის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი უკანონო და კრიმინალური საქმიანობის ჰაბია. აღნიშნულის შესახებ პროფესორმა ნატოს სამეცნიერო სასწავლო პროგრამა - "თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. 

"ჩვენი ძირითადი იდეაა ვისაუბროთ და გამოვიკვლიოთ თუ რა არის რუხი ზონების კონცეფცია. შავი ზღვის რეგიონი არის ჰაბი მთელი რიგი უკანონო, არაკანონიერი, არალეგალური კრიმინალური საქმიანობისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანების ტრეფიკინგით, იარაღით, ნარკოტიკებით გლობალური ვაჭრობა არსებობს და ბევრი ამ რეგიონზე გადის. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებზე ვისაუბროთ", - განაცხადა  კადირის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტრიანტაფოლოუ დიმიტრიუსმა.

დელეგატებმა, რომელშიც საქართველოს  გარდა ათი ქვეყნის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, უკრაინის, სერბეთის, რუმინეთის, მოლდოვას, ყირგიზეთის და ეგვიპტის საჯარო უწყებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ იმსჯელეს თემებზე - სტაბილურობის გამოწვევები: რუხი ზონები; რუხი ზონების დინამიკის გაგება.

ნატოს კურსის თანაორგანიზატორი ბრიუს ლოუერი კი მიიჩნევს, რომ რუხი ზონების პრობლემა საქართველოზე მეტად სხვა ქვეყნებს აწუხებს. 

"დღეს ჩვენ ვხედავთ რუხი ზონების და უმართავი არეალების  პრობლემას, რომელიც რეგიონისთვის ზიანის მომტანია. მრავალი ქვეყანაა, რომლებსაც ეს პრობლემა საქართველოზე მეტად აქვთ. მოლდოვას, უკრაინას, აზერბაიჯანს. თითოეული ამ ქვეყნიდან ადამიანებს აქვს იდეები იმის შესახებ, თუ ვისთან და სად გააზიაროს ეს იდეები", - განაცხადა ნატო-ს კურსის თანაორგანიზატორმა, ბრიუს ლოუერმა.

კონფერენციის ფარგლებში დღეს, უკანონო ტრეფიკინგზე, კონტრაბანდულ ფულსა და მშვიდობის შემაფერხებელ ფაქტორებზე იმსჯელებენ. დღესვე, დელეგატები დიდ ხურვალეთში გაემგზავრებიან, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მონახულებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან, რის შემდგომაც გორში სტალინის მუზეუმს მოინახულებენ.