უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. - ამის შესახებ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" სოციალურ ქსელში წერს.
"მისი უწმინდესობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს და ისტორიულად გადამწყვეტ პერიოდში ჩაუდგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქცა არა მხოლოდ სულიერ ლიდერად, არამედ ერის მამად, გამაერთიანებელ ძალად და იმედის სიმბოლოდ.
ილია II-ის ღვაწლით აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, აღდგა და აშენდა არაერთი ტაძარი და მონასტერი, განმტკიცდა სარწმუნოება და ქართული ეროვნულ-კულტურული იდენტობა.
მისი ინიციატივით დამკვიდრდა საყოველთაო ნათლობა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააკავშირა ეკლესიასთან და ერთმანეთთან.
ილია II იყო პატრიარქი, რომელსაც უპირობოდ უყვარდა თავისი ერი და ერი, თავის მხრივ, უსაზღვრო სიყვარულით პასუხობდა. მთელი საქართველო ლოცულობდა მისი ჯანმრთელობისთვის. უწმინდესის სიტყვა იყო ნუგეში, ხოლო მისი ლოცვა - ძალა და იმედი.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს.
უფალმა ნათელში დაამკვიდროს ჩვენი პატრიარქის უკვდავი სული. - ნათქვამია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სამძიმრის წერილში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.











