საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკი გახსნეს.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ჯარის ბანაკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას.
„ბანაკში გატარებული დღეებით ახალ შესაძლებლობებს შეიძენთ.
თქვენი ჯგუფის მეთაური სერჟანტები ცოდნასა და დიდ გამოცდილების გაზიარებენ. თქვენს ინსტრუქტორებს ზურგს
უმაგრებთ წლობით დაგროვილი გამოცდილება და ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ! გვეამაყება, რომ „ჯარის ბანაკმა“ გაამართლა და დღეს ის წარმატებული პროექტია, მის მიმართ ინტერესი იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე ათას მოსწავლეს ვმასპინძლობთ, როგორც კოჯრის სერჟანტთა
აკადემიაში, ისე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. ვცდილობთ, წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ეს პროექტი და მეტი შინაარსით დავტვირთოთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ. მათ ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მთავრობის წევრებმა სამედიცინო, საინჟინრო, საცეცხლე და სამთო მომზადების სპეციალური ოპერაციების სარდლობის, ასევე სამხედრო მოსამსახურის ინდივიდუალური აღჭურვილობის, „უპილოტო საფრენი აპარატების“ სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს. სტუმრები, გუნდებს შორის
გამართულ წინაღობათა ზოლის გადალახვაში შეჯიბრებასაც დაესწრნენ.
სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების, განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
კოჯრის პარალელურად, „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაშიც. წელს „ჯარის ბანაკი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების, დაახლოებით, 1700 მოსწავლეს, ჯამში 8 როტაციას უმასპინძლებს. კოჯრისა და საჩხერის ბანაკები, ყოველ 6-დღიან როტაციაში 100-მდე ბავშვით შეივსება.
ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, პროექტს - „ჯარის ბანაკი“ მესამე წელია, ახორციელებს.