საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს სამძიმრის წერილი მიიღო. 

როგორც წერილშია აღნიშნული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

 „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

 2020 წლის დეკემბერში წილად მხვდა მის უწმინდესობასთან შეხვედრის  განსაკუთრებული პატივი, რამაც  ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.  ჩემზე ღრმად იმოქმედა მისმა თავმდაბლობამ და გულწრფელმა მზრუნველობამ - რაც მისი სულიერი ლიდერობისა და ადამიანურობის სიძლიერეზე მეტყველებს.

 განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ მის მხარდაჭერასა და რჩევებს COVID-19 პანდემიის რთულ პერიოდში. ჩვენს საქმიანობაზე ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მისი უწმინდესობის ხედვამ და ინიციატივებმა. შთაგონების წყაროდ იქცა მისი წინადადება, შეგვესწავლა მუსიკის დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ ხედვაზე დაყრდნობით, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა ოფისმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა ხელოვნებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

ამ ღრმა დანაკარგს იზიარებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ქრისტიანული სამყარო და ყველა, ვის ცხოვრებასაც კვალი დაატყო მისმა სიბრძნემ და თანაგრძნობამ.

 გლოვის წუთებში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.