თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პარი-საკლეს ჯგუფის წევრი ევრის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ფრანგულ-ქართული პროგრამის - კომპიუტერული მეცნიერება სამაგისტრო საფეხურზე სწავლებაზე იმსჯელეს, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პარი საკლეს უნივერსიტეტთან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად განახორციელებს.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ფრანგ კოლეგებთან აღნიშნა, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ ახალგაზრდების დიდი ინტერესია.  საქართველოში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლით ბევრი უცხოელი სტუდენტია დაინტერესებული. მათ შორის, სტუდენტები შუა აზის ქვეყნებიდან, არაბული სამყაროდან, ინდოეთიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან. შესაბამისად, ქართულ-ფრანგული კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა იქნება ინგლისურენოვანი. ჩვენს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გრძელვადიანი თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, არამედ, ერთობლივი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა, სტუდენტების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება“,- აღნიშნა ევრის  უნივერსიტეტის პროფესორმა ნაზიმ აგულმინმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგულ-ქართული პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ ბაკალავრიატზე უკვე  ისწავლება პარი საკლეს უნივერსიტეტის (Université Paris-Saclay) ჯგუფის წევრი - ევრის უნივერსიტეტთან (Université Evry Val d'Essonne) თანამშრომლობით და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კურსდამთავრებულები იღებენ ორ დიპლომს - თსუ კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრისა და ევრის უნივერსიტეტის დიპლომს ინფორმატიკაში.